საზოგადოება
“მწვანე ბარათის გათამაშებაში ჩართული ადამიანების რაოდენობა უპრეცედენტოდ მზარდია”
ტურისტული პორტალის Turebi.ge-ის დირექტორის, ნიკო გოგოლაძის თქმით, ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში ერთვებიან. მაგალითად, გათამაშებაში 2011 წელს 20 ათასი კაცი იყო ჩართული, 2021 წელს კი 112 ათასი დარეგისტრირდა, მიუხედავად პანდემიის პირობებისა.

“ეს სტატისტიკა წელს კიდევ უფრო მზარდია და თუკი ავიღებთ გათამაშების დაწყების პირველ სამ კვირას, ორჯერ არის გაზრდილი მომართვიანობა. ჩვენ ამ რაოდენობიდან დაახლოებით 10%-ს ვეხმარებით რეგისტრაციაში. უამრავი შეტყობინება შემოდის სოციალურ ქსელშიც მომხმარებლების მხრიდან, მსგავსი რაოდენობა არასდროს დაფიქსირებულა”, - ამბობს ნიკო გოგოლაძე.

მისივე თქმით, აშშ-ის მწვანე ბარათის გარდა, მოთხოვნა ასევე გაზრდილია აშშ-ის ტურისტულ ვიზაზეც. 2023 წლის თებერვლამდე საელჩოში გასაუბრებისთვის ადგილი არ არის. სტატისტიკა მზარდია მექსიკისა და პოლონეთის სამუშაო ვიზებზეც.

მწვანე ბარათის გათამაშება 1990 წლის საიმიგრაციო კანონის მიხედვით შემოიღეს და ყოველწლიურად მის მოგებას უამრავი ადამიანი ცდილობს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მას წელიწადში ერთხელ ატარებს. ყოველწლიურად, 550 000 საიმიგრაციო ვიზა გაიცემა, რისი მიზანიც აშშ-ის მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ლეგალურად ცხოვრების უფლების მინიჭებაა.

"მწვანე ბარათის" მფლობელები აშშ-ის მუდმივი რეზიდენტები ხდებიან და უფლება ეძლევათ იცხოვრონ და იმუშაონ ლეგალურად, ისარგებლონ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღონ კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეთ აშშ-ის სოციალური დაზღვევის ნომერი.

| Print |