საზოგადოება
ბორჯომის მეხანძრე-მაშველებს ყველგანმავალი სპეცტექნიკა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი, ევროპული სტანდარტის ყველგანმავალი, ორი „კვადროციკლი“ გადაეცა - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ბორჯომის სამმართველოს მეხანძრე-მაშველებს ახალი ტექნიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა და საქართველოში ესტონეთის ელჩმა რიინა კალიურანდმა გადასცეს.

ყველგანმავლები მეხანძრე-მაშველებს ბორჯომის განვითარების ჯგუფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გადაეცათ. აღნიშნული პროექტი ბორჯომის განვითარების ჯგუფსა და ესტონეთის მოხალისე მაშველთა ასოციაციაზე გაცემული გრანტის ფარგლებში ევროკავშირმა დააფინანსა და მიზნად ისახავს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრების პრევენციის და მათზე რეაგირების ეფექტიანობის გაზრდას.

უწყების ინფორმაციით, ახალი ტექნიკა მნიშვნელოვნად გაზრდის მეხანძრე-მაშველთა მობილურობას და ეფექტიანობას ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების დროს.
| Print |