საზოგადოება
უარი საწვავის ფასებს - ფეისბუქჯგუფის წევრები აქციებს აანონსებენ
ფეისბუკზე მრავალათასიანი ჯგუფი საწვავის მაღალ ფასებს აპროტესტებს. ეკონომისტების თქმით, ფასი მართლაც მაღალია და სახელმწიფოს აქვს ბერკეტები მის დასაწევად. გარემოსდამცველებიც კი თანხმდებიან, რომ საწვავი გასაიაფებელია.

სულ რაღაც ათ დღეში, ტიკ-ტოკზე გადაღებულმა ვიდეომ ფეისბუკის 140 ათასი მომხმარებელი კომპანია „ვისოლის” წინააღმდეგ აამხედრა. გადაპოსტილ და ატვირთულ ვიდეოს ათასობით გაზიარება აქვს.

ჯგუფში „უარი საწვავის ფასებს“ წერენ, რომ აღარ ასხამენ „ვისოლის“ საწვავს და აღარ ყიდულობენ პროდუქტებს „ვისოლ ჯგუფის“ სხვა ბიზნესებში: სმარტში, ვენდისსა და დანკინ დონატსში, თუმცა აღნიშნავენ, რომ კონკრეტულად ვისოლს არ ერჩიან და მათი პროტესტი სხვა ქსელურ ბენზინგასამართ სადგურებსაც შეეხება.

რადიო თავისუფლების ცნობით, 14 ნოემბრიდან, ფეისბუქჯგუფის მონაწილეები უკვე რეალურ ცხოვრებაში გამოხატავენ პროტესტს. ქუთაისსა და თბილისში დაგეგმილ აქციაზე ისინი მოითხოვენ სახელმწიფოსგან, საწვავის შემომტანებთან ერთად გამოიანგარიშოს, თუ როგორაა შესაძლებელი მისი გაიაფება.

საქართველო საწვავის 98 %-ს იმპორტით იღებს. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, ქვეყანაში 1 082 971 ათასი ტონა ბენზინი და დიზელი შემოვიდა. წინა წელთან შედარებით, იმპორტი 3.6%-ით გაიზარდა.

ბაზარზე, სააგენტოს შეფასებით, „კონკურენტულ გარემოში“, სულ 32 კომპანია მუშაობს, თუმცა ნახევარზე მეტი, თითქმის 60%, 5 მსხვილ მომწოდებელს უჭირავს - ვისოლს, ლუკოილს, რომპეტროლს, სოკარსა და გალფს.

2015 წელს კონკურენციის სააგენტომ, ხუთივე კომპანია „კონკურენციის შესახებ კანონის“ დარღვევისთვის 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. კომპანიებმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. კონკურენციის სააგენტომ ჯარიმა 3 მილიონამდე შეამცირა.

ბოლო ერთი წელია, საწვავის ფასი სტაბილურად იზრდება და, საშუალოდ, 0.8-დან 1 ლარამდე გაძვირდა.
| Print |