საზოგადოება
რა ასაკის მოქალაქეებისთვის იქნება „მწვანე პასპორტით" სარგებლობა სავალდებულო
„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მხოლოდ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება. აღნიშნულის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა. 18 წლამდე ასაკის პირისთვის სხვადასხვა ობიექტში დასაშვებად კი, „მწვანე პასპორტი“ სავალდებულო არ იქნება.

1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
| Print |