საზოგადოება
ვის აეკრძალება აზარტულ თამაშებში მონაწილეობა?
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფინანსთა მინისტრმა მოამზადა სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები, რომლის თანახმადაც, იზღუდება სათამაშო ბიზნესის რეკლამა და იზრდება დაბეგვრის განაკვეთი.

„ონლაინ-სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება. ჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70 პროცენტით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, 25 წლამდე მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში ჩართვა. ასევე განისაზღვრა პირთა, წრე, რომელთაც აეკრძალება აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, მათ შორის არიან:

სოციალურად დაუცველი პირები, რომელიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან;
საჯარო მოხელეები;
პირები რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით (ე.წ. შავი სია)
პირები, რომლებიც შავ სიაში მოხვდებიან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახის წევრების მოთხოვნით.
ღარიბაშვილის თანახმად, ჯამში ერთ მილიონ მოქალაქეებს შეეზღუდება ონლაინ აზარტულ თამაშებში ჩართვა.

ასევე იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა, თუმცა ძალაში რჩება სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა.

„აიკრძალება ყველანაირი სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება.

სათამაშო ბიზნეს ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაუქმება, ძირითადად შეიძლება მხოლოდ სპორტს შეეხოს“
, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ონლაინ აზარტული თამაშების გადასახადის გაზრდის შესახებ პირველად 22 ნოემბერს განაცხადა.

| Print |