ახალციხის სოფლებში ნაგვის
კონტეინერები განთავსდება. მუნიციპალიტეტის გამგეობის
ინფორმაციით, 47 ურნა, რომელიც დასახლებებში დაიდგმება,
დედაქალაქიდან უკვე ჩამოტანილია.
გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ნოდარ ბალახაშვილის განცხადებით, რკინის კონტეინერების განთავსება აწყურის ზონიდან დაიწყება, აღნიშნული სოფლისთვის 15 ურნაა გამოყოფილი. პროცესი ეტაპობრივად ყველა სოფელს მოიცავს. მისივე თქმით, სოფლების სრულად აღჭურვისათვის 400–მდე კონტეინერია საჭირო. აღნიშნული რაოდენობა დასახლებებში უბნების სიმჭიდროვის მიხედვით განთავსდება.
სოფლებს, ურნების დასაცლელად, პირველი მაისიდან, გამგეობის მიერ შეძენილი ნაგვის მანქანა მოემსახურება. გამგეობაში ამბობენ, რომ აღნიშნული პროცესით ახალციხის მუნიციპალიტეტი, მყარი ნარჩენების კოდექსის ამოქმედებისათვის ემზადება, რომელიც ძალაში 2016 წელს შევა.
|