საზოგადოება
„საქონელი“, „ქუჩიდან მოთრეული“, „დედისგან მიტოვებული“ - რა წერია ომბუდსმენის ანგარიშში ნინოწმინდის პანსიონატზე
ნინოწმინდის ბავშვთა სახლის შესახებ ანგარიშში სახალხო დამცველი სიტუაციას საგანგაშოს, სავალალოს და შემაშფოთებელს უწოდებს.

40-გვერდიან დოკუმენტში მიმოხილულია ყველა ის ფაქტი თუ დარღვევა, რაც სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა პანსიონში მცხოვრები ბავშვებისგან, ყოფილი აღსაზრდელებისგან, სოციალური მუშაკებისგან და თავად პანსიონატის თანამშრომლებისგან მოისმინეს.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ცემა, დასჯის სასტიკი მეთოდები - ის რაც ისმოდა ბავშვთა უფლებადამცველებისგან, პანსიონატის ყოფილი აღსაზრდელებისგან, თავად პანსიონატის ბენეფიციარებისგან, სახალხო დამცველის ანგარიშმა გააერთიანა. „დაწესებულებაში წლების განმავლობაში მიმართავდნენ ბავშვების მიმართ წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ მოქმედებებს“.

„ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა“.

„ერთ-ერთი აღსაზრდელი, ღამე უნებლიე შარდვისთვის აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში. მეორე ბავშვს კი, იმავე მიზეზის გამო, აღმზრდელმა დასჯის მიზნით დახეული სამოსი ჩააცვა“.

„როდესაც ბავშვებს შუადღის ძილისგან გამოეღვიძათ, აღმზრდელმა აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ დაეფარებინათ“.

„აღსაზრდელებს მიმართავდნენ სიტყვებით: „საქონელი“, „ქუჩიდან მოთრეული“, „დედისგან მიტოვებული“...

ეს და სხვა მსგავსი ამბები სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშია თავმოყრილი.

სახალხო დამცველი ანგარიშში წერს, რომ პანსიონში მცხოვრებ ბავშვებთან საჭირო იყო მხარდამჭერი პროფესიების სპეციალისტების, მათ შორის, ფსიქოლოგის განგრძობითი ჩართულობა, რაც თავად აღსაზრდელებთან გასაუბრების შედეგადაც გამოიკვეთა. გარდა ამისა, დაწესებულებაში არ მიმდინარეობდა ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის რუტინული შემოწმება.

ბავშვებთან ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროებაზე შესაბამისი რეკომენდაცია ზეპირსიტყვიერი სახით გაიცა დაწესებულების ახალ ხელმძღვანელებთან. თუმცა, სახალხო დამცველის რწმუნებულების მორიგი ვიზიტისას, 13 სექტემბერს გაირკვა, რომ არასრულწლოვნებთან ფსიქოლოგი არ ყოფილა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, დაწესებულებაში სამომავლოდ გეგმავდნენ ბავშვების ამ საჭიროების უზრუნველყოფას.

ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების განათლებას არ ექცევა სათანადო ყურადღება, შეიძლება ითქვას, პანსიონში მცხოვრებ აღსაზრდელებს მათ საჭიროებებზე მორგებულ სრულფასოვან განათლებაზე ხელი არ მიუწვდებოდათ.

არასრულწლოვნებთან და სოციალურ მუშაკებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბავშვი არასდროს ყოფილა მაღაზიაში და არ აქვს საკვების, ნივთის ყიდვის გამოცდილება. ისინი აღმზრდელთა მიერ შემოღებულ წესებს ემორჩილებოდნენ და არასდროს მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე, არ იღებდნენ მონაწილეობას მათთვის სამოსის შერჩევაში. პანსიონში შემოწირულობის სახით შემოსული სამოსი ნაწილდებოდა ბავშვებს შორის.

პრობლემაა კვებაც - აღსაზრდელები ფაქტობრივად, არ იღებდნენ ხორცის პროდუქტებს. მიუხედავად იმისა, რომ პანსიონის აღსაზრდელთა მენიუ ოთხკომპონენტიან სადილს მოიცავს, სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ დაწესებულებისთვის ბავშვების სათანადო კვებით უზრუნველყოფა წლების განმავლობაში პრობლემა იყო და არასრულწლოვანები ვერ იღებდნენ მათი განვითარებისთვის აუცილებელ საკვებს:

„არასრულწლოვნების არასათანადო კვება დადასტურდა ბავშვებთან გასაუბრების შედეგადაც. ბავშვები აღნიშნავდნენ, რომ არ მოსწონდათ დაწესებულების კვება. ფაქტობრივად, არ იღებდნენ ხორცის პროდუქტებს, ძირითადად, იკვებებოდნენ ლობიოთი და წვნიანით, საუზმესა და ვახშამზე მხოლოდ ჩაისა და პურს იღებდნენ, იშვიათად, კარაქთან ან ჰალვასთან ერთად. ამასთანავე, კვების საკითხებთან დაკავშირებით, არასოდეს ითვალისწინებდნენ ბავშვების აზრსა და სურვილებს“.

ამას ადასტურებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილიც, რომლითაც სახალხო დამცველის აპარატს აცნობეს, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოების მიერ 2017 და 2018 წლებში დაწესებულების მონიტორინგისას გამოვლენილი არაერთი დარღვევიდან, ერთ-ერთი სწორედ აღსაზრდელთა არასათანადო კვება იყო.

ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის სისტემატურ ხასიათზე მიუთითებს სისხლის სამართლის საქმეების მასალებში არსებული აღსაზრდელების გამოკითხვის ოქმებიც.

პანსიონში აღსაზრდელთა დასჯის ფორმად იყენებდნენ ძილისა და საკვების აკრძალვას, ფიზიკურ ძალადობას. აღსაზრდელები იხსენებდნენ, როგორ სჯიდა მთელ ჯგუფს აღმზრდელი და არ აძლევდა ჭამის უფლებას. იყო შემთხვევები, როდესაც თავად ჭამდნენ და მუხლდაჩოქილ ბავშვებს აყურებინებდნენ.

ერთ-ერთი აღსაზრდელი, ღამე უნებლიე შარდვისთვის, აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში. მეორე ბავშვს კი, იმავე მიზეზის გამო, აღმზრდელმა დასჯის მიზნით დახეული სამოსი ჩააცვა.

არასრულწლოვანებმა ილაპარაკეს სკამის ფეხის თავში დარტყმის, ცივ იატაკზე დაყენების შემთხვევების შესახებაც.

2021 წლის 7-8 ივლისს და 9-10 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გაეცნენ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე წარმოებულ სისხლის სამართლის ოთხი საქმის მასალებს.

2016 წლის 23 დეკემბერს, შსს-ს ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოში, გამოძიება დაიწყო პანსიონში არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით. გამოძიებას საფუძვლად დაედო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წერილი.

2019 წლის 15 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება დაიწყო სოციალური მუშაკის შეტყობინების საფუძველზე, 2018 წელს არასრულწლოვნის მიმართ ნინოწმინდის პანსიონში გაუპატიურების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებზე. საქმის მასალების მიხედვით, არასრულწლოვანმა ამ ფაქტის შესახებ სოციალურ მუშაკთან ნინოწმინდის პანსიონიდან წასვლის შემდეგ ისაუბრა.

2020 წლის 11 დეკემბერს, ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოში, სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება არასრულწლოვანების მიმართ პანსიონში ჩადენილი სავარაუდო ძალადობის და ერთ-ერთის მიმართ №4 საჯარო სკოლის პედაგოგის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილით. გამოძიებას საფუძვლად დაედო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიმართვა, რომლის წარმომადგენლებთან პანსიონიდან გასვლის შემდეგ ისაუბრეს არასრულწლოვანებმა.

2021 წლის 9 თებერვალს, ნინოწმინდის სამმართველოში, გამოძიება დაიწყო 2018-2019 წლებში ერთ-ერთი აღსაზრდელის და სხვათა მიმართ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 1 პრიმა „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. გამოძიებას საფუძვლად დაედო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან შესული წერილი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის იმ ფაქტების გამოძიება, რომლებიც 2021 წელს გახდა ცნობილი, ერთიანად ხდება ახალი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საქმეების მასალების გაცნობის შედეგად გამოიკვეთა არაერთი დარღვევა, მათ შორის, საგამოძიებო მოქმედებებისას გათვალისწინებული არ ყოფილა ბავშვის საუკეთესო ინტერესები, არ გატარებულა არასრულწლოვანების დაცვაზე ორიენტირებული შესაბამისი ღონისძიებები. ასევე, იკვეთება საგამოძიებო მოქმედებების შეუსრულებლობა და გამოძიების პროცესში რამდენიმეწლიანი უმოქმედობა.

სახალხო დამცველის ანგარიშის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ:

„სავალალოა ის გარემოებაც, რომ მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფო უწყებები ვერ ახერხებენ დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას არასრულწლოვანთა დაცვის მინიმალური გარანტიების შესაქმნელად. სახელმწიფო უწყებები თვეების განმავლობაში არ შესულან ლიცენზირებულ სააღმზრდელო დაწესებულებაში და ამას რაიმე ერთობლივი, კოორდინირებული ქმედითი რეაგირება არ მოჰყოლია. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველის აპარატი მუდმივად მიუთითებდა დაწესებულებაში ბავშვთა მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და იმ გარემოებაზე, რომ ბავშვების უსაფრთხოებისა და განვითარების კუთხით რეალური საფრთხე იდგა“.

სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაჩქარებულ ვადებში შემუშავდეს და დამტკიცდეს დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და გეგმა.

ის ასევე მიმართავს პროკურატურას, პანსიონში ბავშვების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე წარმოებული ყველა საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდეს. დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება პანსიონში ბავშვების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე წარიმართოს სსკ-ის 144-ე მუხლით, ასევე, პანსიონში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება წარიმართოს 137-ე, 138-ე და 141-ე მუხლებით.

ნინოწმინდის პანსიონში, ამ დროისათვის, 15 ბავშვი ცხოვრობს. მათგან ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

ამჟამად სახელმწიფო სოციალური მუშაკები პანსიონის შენობაში 24-საათიანი მორიგეობით იმყოფებიან, რაც გარკვეულწილად ქმნის არასრულწლოვანთა დაცვისა და მათი საჭიროებების უზრუნველყოფის გარანტიას.

თუმცა, ასევე საგულისხმოა, რომ როგორც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნინოწმინდის ტერიტორიული ერთეულის სოციალურ მუშაკთან გასაუბრებისას გამოიკვეთა, ნინოწმინდის პანსიონში ამჟამად მცხოვრებ არასრულწლოვანებს და ყოფილ აღსაზრდელებს განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ.

სახალხო დამცველის ოფისი თვლის, რომ ეს ფაქტი სამომავლოდ განსაკუთრებით გაართულებს ტერიტორიული ერთეულის სოციალური მუშაკისთვის ბავშვებთან ეფექტიან და ნდობაზე დამყარებულ კომუნიკაციას, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის ბავშვების მდგომარეობის ზუსტ შესწავლას და სავარაუდო ძალადობის შემთხვევების გამოვლენას.
| Print |