საზოგადოება
პარლამენტმა აზარტული თამაშების მოწყობის შესახებ კანონი დაამტკიცა
პარლამენტმა ლატარიებისა და აზარტული მოწყობის შესახებ კანონი დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებები აზარტულ თამაშებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვრის გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობა აკრძალული იქნება. ასევე, დამოკიდებულ პირთა სიისა და აკრძალულ პირთა სიის შექმნა მოხდება. კერძოდ, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პირი თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას, ასევე მისი ოჯახის წევრი უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.

ამასთან, განისაზღვრება აკრძალულ პირთა წრეც და აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალებათ – საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებული პირებს, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირებს და ასევე სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს.

ამავე პროექტით, ქართული საგადასახადო ბარათებით უცხოური აზარტული თამაშობების მიზნით ონლაინგადახდები იკრძალება. პროექტით, ყველა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალებათ, ურთიერთობა დაამყარონ უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი პუნქტების გაჩენას, რაც კანონის მოთხოვნების დარღვევასთან იქნება დაკავშირებული. ასევე, ცვლილებები შედის რეკლამის შესახებ კანონში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კანონსა და სხვა კანონებში.

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება – შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 82 დეპუტატმა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.

ახალი რეგულაციები 2022 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.
| Print |