საზოგადოება
სამუშაო რომ იყოს, კაცები აქვე დასაქმდებიან და რუსეთში აღარ წავლენ - შრომითი მიგრაცია რბილი ექსპანსიით
რატომ მიდიან რუსეთში სამუშაოდ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რაზე ჩივიან საქართველოში დარჩენილი ქალები და როგორია რუსეთის წილი ქართულ ეკონომიკაში?

ალვარდ ეგიკიანი ახალციხის მუნიციპლიტეტში, სომხური თემით დასახლებულ სოფელ წირაში ცხოვრობს. თანასოფლელთა უმრავლესობის მსგავსად, მასაც მარტო უწევს ოჯახში ქალისა და კაცის საქმის კეთება. შეშის დაჩეხვა, პირუტყვის მოვლა და სხვა მამაკაცური საქმეები ღლის, მაგრამ ოჯახს შემოსავალი ჭირდება.

,,კაცები რუსეთში მიდიან, ქალები კი თვეობთ სახლში რჩებიან, მიწას ამუშავებენ, კარტოფილს თესავენ, ძროხას წველიან. ძალიან ძნელია მარტო, როცა სახლში კაცი არ არის. ორჯერ ნაოპერაციები ვარ. თივას ვპრესავ, ვიტვირთები, ვთიბავ. აქ რომ სამუშაო იყოს, კაცები აქვე დასაქმდებიან და რუსეთში აღარ წავლენ. ჩვენთვისაც ადვილი იქნება, დაგვეხმარებიან. მარტიდან ნოემბრამდე მარტო ქალები ვმუშაობთ, არადა ძირითადი საქმე ამ დროს არის სოფელში“ - ამბობს ალვარდ ეგიკიანი.

ბოლო მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში 151 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. დაახლოებით 45%-ს რეგიონის ეთნიკურად სომეხი მაცხოვრებლები შეადგენენ. კაცები ოჯახს ძირითადად ემიგრაციაში, სეზონური დასაქმებით არჩენენ. ტრადიციულად თებერვლის ბოლოს რუსეთში მიდიან და საქართველოში გვიან შემოდგომით ბრუნდებიან. ედგარ ჩიჩელიანი 12 წელია სამუშაოდ ახალქალაქის სოფელ კარტიკამიდან რუსეთში დადის. მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სეზონური სამუშაოდან მიღებული გასამრჯელოა. მძიმე ფიზიკური შრომის დაწყება სკოლის დამთავრებისთანავე, 17 წლის ასაკში მოუწია. მის მსგავსად მოსკოვში სარემონტო სამუშაოებზეა დასაქმებული კარტიკამის მამაკაცების უმრავლესობა. ედგარის თქმით, მასთან ერთად რუსეთში 200-მდე თანასოფლელი დადის.

,,პირადად ჩემთვის საქართველოში სამსახურის დაწყება შეუძლებელია. ოჯახს რუსეთში მუშაობით ვარჩენ. აქ არანაირი სამსახური არ მაქვს, ამიტომ მივდივართ რუსეთში. ჩემს მეგობრებს და ნაცნობებს იგივე პრობლემა აქვთ, ოჯახიდან თვეების განმავლობაში შორს ყოფნა ვის უნდა, მაგრამ როცა სხვა გზა არ გაქვს, რა უნდა ქნა?“ - ამბობს ედგარ ჩიჩელიანი.

ახალქალაქის სოფელი გომანში ცხოვრობს აჰამ აკოფიანი. აჰამი ოჯახს 31 წელია რუსეთში მუშაობით არჩენს. დანარჩენების მსგავსად ისიც გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე მეზობელ ქვეყანაში მუშაობს, სახლში კი ქალებსა და მცირეწლოვან შვილებს ტოვებს.

,,ვინც რუსეთში დავდივართ ფულის საშოვნელად, თავს ძირითადად ფიზიკური შრომით ვირჩენთ. ეს მთელი აქ მცხოვრებ ადამიანთა პრობლემაა. თუმცა კარგია, რომ რუსეთში მაინც შეუძლიათ მუშაობა. აქ მარტო კარტოფილი მოგვყავს და ვყიდით, რომელსაც ხან აქვს ფასი და ხან არა, ამით ოჯახი როგორ უნდა შეინახო“ - წუხს აჰამ აკოფიანი.

საზღვარგარეთ დასაქმებული მოქალაქეების საჭიროებებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია მუშაობს. საქართველოს რამდენი მოქალაქე მიდის რუსეთში სეზონურ სამუშაოზე - ასეთი მონაცემი კომისიას არ აქვს.

,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში რუსეთთან სეზონური დასაქმების სქემები არ გაგვაჩნია. რაც შეეხება საკუთარი სურვილითა და შესაძლებლობებით დასაქმებულ ადამიანებს, სამწუხაროდ ჩვენი სამინისტრო ასეთ ინფორმაციას არ ფლობს“ - იუწყება მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია.

საქსტატის 2020 წლის მონაცებით, საქართველოდან უცხოეთში ლეგალურად 75 ათასამდე პირია წასული. ამ რიცხვს ემატება საქართველოდან არალეგალურად წასული მოქალაქეები, რომელთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. მონაცემების არქონა ექსპერტთა შეფასებით სახიფათოა, ვინაიდან არალეგალურად მცხოვრები პირები ხშირად ტრეფიკინგის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან, უჭირთ საკუთარი უფლებების და ჯანმრთელობის დაცვა.

რაც შეეხება რუსეთში ეთნიკური უმცირესობების მიგრაციას სამცხე-ჯავახეთიდან, ჩამოთვლილ რისკებს ემატება ქვეყანაში არსებული რთული კრიმინალური მდგომარეობა. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგიშვილი ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ,,მიგრაციის დიდი ტალღა რუსეთში იყო, რადგან ენა იცოდა იმ ხალხმა, ვიც იმ პერიოდში მიგრირებდა. 90-იანი წლების მერე საქართველოდან რუსეთში დაახლოებით 400 ათასამდე ადამიანი გავიდა, ეს ყველაზე დიდი რიცხვია. დღესაც ბევრი ადამიანი მიგრირებს მეზობელ ქვეყანაში, რადგან კულტურული თვალსაზრისით ნაცნობი სივრცეა, ენობრივი ბარიერი ნაკლებია, რუსული ბევრად მეტმა ადამიანმა იცის, ვიდრე გერმანული ან ფრანგული და ერთ - ერთი მთავარი, რუსეთში მაღალი კვალიფიკაციის მუშახელზე მოთხოვნა არ არის, არც ჩვენი მუშახელია მაღალი კვალიფიკაციის. ამიტომ, აქ ემთხვევა მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთს. შესაბამისად, რუსეთში არალეგალურად თავის გატანა და არაკანონიერი შემოსავლის პოვნა, ბევრად მარტივია, ვიდრე ევროპაში“.

გიორგი გოგიშვილის აზრით, სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ეთნიკურ უმცირესობების წრმომადგენლებს უჭირთ საქართველოში ინტეგრაცია, ამიტომ ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ოკუპანტ ქვეყანაში ცდილობენ მარტივი შემოსავლის ნახვას.

,,საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიდან რუსული ბევრად მეტმა ადამიანმა იცის, ვიდრე ქართული. ამიტომ სრულყოფილად რომ არ არიან ინტეგრირებულნი საზოგადოებაში, ესეც ქმნის საფუძველს, რომ წავიდეს და სხვა ქვეყანაში ეძებოს შემოსავალი. ზოგადად პრობლემატურია, როცა შენი მოქალაქე სხვა ქვეყანაში მიდის ფულის საშოვნელად, მეორე პრობლემაა, რომ მიდის იმ ქვეყანაში, სადაც დაცულობა ნაკლები ექნება და სახელმწიფოსაც ურთულებს მისი დაცვის შესაძლებლობას. რისკიც ბევრად მეტია იმ ქვეყანაში კრიმინალიდან გამომდინარე, მაგრამ როგორც ჩანს უღირთ ამ ადამიანებს წასვლა, მარტივი შემოსავლის გამო. რეალურად ძნელია რუსეთში კანონიერი გზით შემოსავლის შოვნა“.

რუსეთში სამუშაოდ წასვლის მთავარი მიზანი, რომ შემოსავლის შოვნაა, ამას ფულადი გზავნილებიც ადასტურებს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 207.3 მლნ აშშ დოლარი (650.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22 %-ით (37.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. გადმორიცხული თანხების მიხედვით ნოემბრის თვეშიც ლიდერობს რუსეთი, 34.4 მლნ აშშ დოლარით. ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე ამბობს, რომ რუსეთს საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობა ჰყავს საქართველოს ეკონომიკაში.

,,მსხვილი წყალ და ენერგო ობიექტები რუსული კაპიტალის ხელშია. ამ კაპიტალის უკან კრემლის ქონგურები მოიაზრება. ეს მსხვილი კაპიტალი კონტროლდება და განსაკუთრებულ ლოიალობას ამჟღავნებს რუსეთის ხელისუფლების მიმართ. ეს არის რბილი ექსპანსია და ჰიბრიდული შეტევის ერთ-ერთი ფორმა. არა იარაღისა და ძალების გამოყენებით, არამედ ეკონომიკური მეთოდებით ჩვენ ქვეყანაზე გავლენის მოპოვება და გაძლიერება განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, სადაც ეთნიკური უმცირესობა კომპაქტურად არის დასახლებული, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება დაბალანსებული პოლიტიკა მეზობლებთან მიმართებაში“.

იოსებ არჩვაძე ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 2020 წელს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მიგრანტთა რაოდენობას საქართველოში დაბრუნებულთა რიცხვმა გადააჭარბა, თუმცა ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი კოვიდპანდემია შეიძლება იყოს.
| Print |