საზოგადოება
რა რეკომენდაციები გაიცა სამთო კურორტებზე დამსვენებლებისთვის?
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დღეს დამატებითი რეგულაციების დაწესების თაობაზე გადაწყვეტილებები არ მიუღია და მხოლოდ რეკომენდაციები გასცა.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე განსაკუთრებულადაა მომატებული ინფიცირების შემთხვევები და ამიტომ, საბჭოს რეკომენდაციაა, რომ კურორტზე მყოფმა დამსვენებლებმა რეგულაციები, მათ შორის პირბადის ტარების წესი დაიცვან.

“უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იქნა ეპიდვითარება და მოგახსენებთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლებიც დღეს განვიხილეთ და რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანი იქნება, რათა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდეს.

ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე განსაკუთრებულადაა მომატებული ინფიცირების შემთხვევები, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვინც სამთო კურორტებზე დასასვენებლადაა ჩასული, დაიცვას რეგულაციები, რაც ქვეყანაშია. განსაკუთრებით აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე.

ამასთან, გრძელდება ორასლარიანი წახალისება 50 წელზე ზემოთ პირებისთვის. მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო მეტად ინტენსიფიკაცია და „ბუსტერ“ დოზის გაკეთება“
, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ
| Print |