საზოგადოება
საქართველოში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა. საქსტატის 2020 წლის მონაცემებით, თუ ქვეყნის მასშტაბით სამსახურის გარეშე 281 900 ადამიანი (18.5%) იყო, 2021 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, უმუშევართა რაოდენობამ 310 800 ადამიანი (19.5%) შეადგინა. თუ ბოლო მონაცემებს, პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს შევადარებთ, საქართველოში უმუშევართა რიცხვი ორ წელიწადში 33 900 ადამიანით არის გაზრდილი.

2022 წელს მსოფლიოს მასშტაბით, უმუშევართა რაოდენობის ზრდას 207 მილიონამდე პროგნოზირებს გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (International Labour Organization-ILO), რაც პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელზე 21 მილიონით მეტია.

„სავარაუდოდ, გლობალური უმუშევრობა პანდემიამდელ დონეზე მაღლა, მინიმუმ, 2023 წლამდე დარჩება,“ - წერია ორგანიზაციის ახალ ანგარიშში.

თუ 2019 წელს 186 მილიონმა ადამიანმა ვერ იპოვა სამუშაო, დღეს სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა 207 მილიონ პირამდე გაიზარდა.

ILO აღნიშნავს, რომ შრომის ბაზრის აღდგენის ადრინდელი ოპტიმისტური პროგნოზები, COVID-19-ის ბოლო ვარიანტების, დელტას და ომიკრონის გავრცელების გამო, ვერ გამართლდა. ამასთან, გაურკვეველია, თუ როგორი იქნება ვირუსის მომავალი.

„კრიზისი უკვე ორი წელია, გრძელდება, მაგრამ პერსპექტივა გაურკვეველია და შრომის ბაზრის აღდგენა დუნე და მყიფეა,” - აცხადებს ILO-ს გენერალური დირექტორი, გაი რაიდერი.

ის შიშობს, რომ პანდემიის მიერ შრომის ბაზრისთვის მიყენებული ზიანი შესაძლოა, შეუქცევადი გახდეს. რაიდერის თქმით, პანდემიის ზემოქმედება მსოფლიოს ყველა რეგიონის შრომის ბაზარზე იგრძნობა, თუმცა აღდგენის ტემპი განსხვავდება. აღდგენის ყველაზე დამაიმედებელი ნიშნები ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშია, ყველაზე ნაკლებად დამაიმედებელი კი - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში.

„შრომის ბაზრის ყოვლისმომცველი აღდგენის გარეშე, პანდემიის შედეგები სრულად ვერ გადაილახება,“ -
აცხადებს გაი რაიდერი.

მისი თქმით, მდგრადი აღდგენა მხოლოდ შრომის ღირსეული პრინციპების საფუძველზე, მათ შორის შრომის დაცვით, თანასწორობით, სოციალური დაცვითა და სოციალური დიალოგით არის შესაძლებელი.
| Print |