საზოგადოება
ახალციხის ბაღებში ჯგუფები დაიხურა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის დადასტურების გამო ახალციხის ბაღებში წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდა. შექმნილი ვითარების გამო, ბაგა-ბაღებში ბავშვების სიმცირეა. კოვიდ19-ის შემთხვევების რეკორდული მატების გამო აღსაზრდელების ბაღში გაშვებას მშობლების ნაწილი ერიდება.

,,მეშინოდა თავიდან,მაგრამ ახლა მირჩევნია ამაზე აღარ ვიფიქრო და ბავშვი ბაღში ვატარო. სულ სხვანაირი გახდა, რაც პანდემია დაიწყო. ქცევებიც შეეცვალა, ბაღში სიარული უყვარს. თან ყურადღებიანი მშობლები არიან ჯგუფში, ბავშვს თუ ხველას ან სურდოს შეამჩნევენ, სახლში ტოვებენ და უფრო დაცულად ვგრძნობთ თავს"
- გვითხრა მშობელმა ლიკა კიკაბიძემ.

,,რაც ბაღი დაიწყო, ბავშვი ჯერ არ მიმიყვანია. ძალიან მეშინია, როდის მივიყვან არც ეგ ვიცი. ვირუსლი ძალიან მოედო, თუმცა უფროსები მაინც დამყავს სკოლაში" - ამბობს კიდევ ერთი მშობელი ხატია ბაიდაური.

,,კოვიდი დაუდასტურდათ და ერთი კვირაა ბაგის ჯგუფი დაიკეტა. ორშაბათიდან წავიყვან ბაღში. შიშის მიუხედავად მაინც ვაპირებ, რომ ვატარო" - ამბობს ბაღის აღსაზრდელის მშობელი ანი ჩადუნელი.

როგორც მეცხრე არხთან ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, დადასტურებული შემთხვევების გამო, ახალციხეში, სამი ჯგუფი დაიხურა.

,,ბაღები მთლიანად არ დაკეტილა, ამ ეტაპზე მხოლოდ სამი სხვადასხვა ბაღის, სამი ჯგუფია დახურული" - განაცხადა მარინა მერაბიშვილმა.

27 იანვარს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 27 პაციენტი.

| Print |