საზოგადოება
როდის დაუბრუნდებიან აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლები სახლებს?
ახალციხეში, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებულ კორპუსში, გამაგრება-გაძლიერების და წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პირველ ეტაპზე, შენობის სარდაფებს ჩამოშლილი სამშენებლო მასალისგან წმენდენ. სამუშაოებს შპს „ნიუ პროჯექტ“- ი ახორციელებს, რომელმაც ორი არშემდგარი ტენდერის შემდეგ გამოცხადებულ მესამე ტენდერში გაიმარჯვა.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები 31 მარტამდე უნდა დაასრულოს. დირექტორი ამბობს, რომ მუშაობისას თუ გაუთვალისწინებელი მდგომარეობა დახვდათ, დასრულების თარიღის გადაწევა გახდება საჭირო.

პროექტის ღირებულება 115 218 ლარია. აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, აქ მცხოვრები ოჯახები კორპუსში დაბრუნებას შეძლებენ.

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის N99ა-ში მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი 2020 წლის 24 დეკემბერს აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად ჩაინგრა პირველ სართულზე მდებარე რესტორნის იატაკი. დანგრეულია სარდაფები. აფეთქების დროს დაშავდა ორი ადგილობრივი.

გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


| Print |