საზოგადოება
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ახალი წევრების მიღებას იწყებს
პროექტი „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ახალციხის მუნიციპალიტეტში“ იწყებს მოსახლეობის გამოკითხვას, თუ რას ფიქრობენ მრჩეველთა საბჭოზე, ვის მოიაზრებენ საბჭოში და როგორი რეკომენდაციები უნდა შეიმუშაოს მერიისთვის, რომელმაც გამოაცხადა საბჭოს წევრობის მსურველთა განცხადებების მიღება.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მოქალაქეების თვითმართველობაში მონაწილეობის კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი მექანიზმი.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იქმნება მუნიციპალიტეტის მერის მიერ, რადგან უფრო მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს ადგილობრივ თვითმართველობას მოქალაქეებთან, მოისმინოს და გაითვალისწინოს მოსახლეობის მოსაზრებები და რეკომენდაციები არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე, სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებაზე, მოსახლეობას წარუდგინოს თვითმართველობის გეგმები, ბიუჯეტი და ჩააბაროს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისათვის საჭიროა მასში შედიოდეს მინიმუმ 10 წევრი.

თუ სურვილი გაქვთ გახდეთ სამოქალაქო საბჭოს წევრი პირადად თქვენ, ან მასში ჩაერთოს ის ადამიანი, ვისაც თქვენ ენდობით, ვისაც თვლით, რომ შეუძლია თქვენი პრობლემების უკეთ გაჟღერება, მაშინ მიმართეთ მერიას ამის თაობაზე განცხადებით.

თქვენ შეგიძლიათ საბჭოს მიაწოდოთ ინფორმაცია ვინ გსურთ იხილოთ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში და რა პრობლემის მოგვარებაში გსურთ მრჩეველთა საბჭოს წევრების დახმარება.

პროექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მუდმივად ქვეყნდება ორგანიზაციების Facebook გვერდებზე. ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ მიმართოთ Facebook გვერდზე პირადი შეტყობინების სახით ან მიბრძანდით ოფისებში:

ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, მის: ახალციხე, რუსთაველის # 65;
ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი, მის: ახალციხე, კოსტავას # 79 და
ასოციაცია „ტოლერანტი“, მის: ახალციხე, რუსთაველის # 47.

პროექტის მიზანია თვითმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი მექანიზმი, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობა გახდეს უფრო ეფექტური.

პროექტს ახორციელებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია, კერძოდ „ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“, „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი“ და ასოციაცია „ტოლერანტი“.

ინიციატივა ხორციელდება ASB Georgia, CHCA და KDRF-ის პროექტის „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

| Print |