საზოგადოება
ბორჯომ-ხარაგაულის პარკის რეინჯერის მიერ გადაღებული ფოტოები საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
საქართველოს დაცული ტერიტორიების რეინჯერების მიერ გადაღებული ფოტოები საერთაშორისო ჟურნალში „რეინჯერი“ გამოქვეყნდა. მათ შორისაა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერის ზაურ ხაჩიძის ფოტოებიც. ჟურნალში მის მიერ გადაღებული ტყის ბუს, ჩვეულებრივი უფეხურა, მცირეაზიური ტრიტონი და წენგოსფერი მცურავი მოხვდა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. 

ჟურნალი „რეინჯერი“, ბრიტანეთის რეინჯერთა ორგანიზაციის - Countryside Management Association-ის გამოცემაა. Countryside Management Association არის საერთაშორისო რეინჯერთა ფედერაციის (IRF) და ევროპის რეინჯერთა ფედერაციის (ERF) დამფუძნებელი წევრი. ეს უმსხვილესი ორგანიზაცია გარემოსდაცვითი გლობალური საზოგადოების ნაწილია, რომელიც ბუნების დაცვის, კონსერვაციის, გამწვანების, სოფლის მეურნეობის და მსგავსი მიმართულებებით მთელს მსოფლიოში მუშაობს. 

"საქართველოს რეინჯერთა ასოციაცია წარმატებით თანამშრომლობს ბრიტანეთის რეინჯერთა ორგანიზაციასთან - Countryside Management Association. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს ერთობლივი პროექტი "გააცანი შენი დაცული ტერიტორიები", რომელიც 2021 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველოსა და ბრიტანეთის დაცული ტერიტორიების ერთმანეთისთვის გაცნობასა და ქართველ და ბრიტანელ რეინჯერებს შორის პარტნიორობის დამყარებას" - აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ზაურ ხაჩიძის გარდა ჟურნალში მოხვდა სხვა ქართველი რეინჯერების ფოტოებიც. ესენი არიან:

მირზა მეგრელიძე, კინტრიშის დაცული ტერიტორიები;
ლაშა წიქარიშვილი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები;
მამუკა გოგოლაძე, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები;
სალომე იდოიძე, თუშეთის ეროვნული პარკი;
თეო ხიბლაშვილი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი;
ლევან კვარაცხელია, კოლხეთის ეროვნული პარკი.


ჟურნალის ელექტრონული ბმული: https://bit.ly/3gkFt6X
| Print |