საზოგადოება
იზოლაციაში ვიყავი, დავბრუნდი სამსახურში და მითხრეს, თქვენი ადგილი დაკავებულიაო - საპროტესტო აქცია ადიგენში
,,მაქრო კონტრაქშენის" თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები შეუსაბამო ანაზღაურებას, შრომის კოდექსის დარღვევას და ზეგანაკვეთურ მუშაობას აპროტესტებენ. მათივე თქმით, სამსახურიდან უმიზეზოდ ათავისუფლებენ და ,,ხელშეკრულება თვალითაც კი არ აქვთ ნანახი".

სამსახურიდან გათავისუფლებული მირიან ნათენაძე ამბობს, რომ კორონავირუსის გამო იზოლაციაში ყოფნის პერიოდში მათ ნაცვლად სხვა თანამშრომლები აიყვანეს, იზოლაციიდან დაბრუნებულებს კი უთხრეს, რომ აღარ მუშაობდნენ.

,,ჩემს მეუღლეს დაუდასტურდა კორონა და ჩვენი იზოლაციაში ყოფნის დროს მოიყვანეს თურქი თანამშრომლები, ჩვენ გაგვიშვეს სახლში. გარდა ამისა, რვა საათის ნაცვლად 12 საათს გვამუშავებენ და შესაბამის ანაზღაურებას არ გვაძლევენ. 10 დღე ვიყავი სახლში, მე-11 დღეს დავბრუნდი სამსახურში და მითხრეს, რომ თქვენი ადგილი დაკავებულიაო" - ამბობს მირიან ნათენაძე მეცხრე არხთან.

დღეს დილიდან, ,,მაქრო კონტრაქშენის" 30-მდე თანამშრომლი სამსახურში დაბრუნებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებს. ოფისის ეზოში, დილიდან 35-მდე მძიმე ტექნიკა გაჩერებულია და ეზოში დგას. ილია აფრიამაშვილს ხელშეკრულება წაკითხულიც არ აქვს. ამბობს,რომ  ხელმძღვანელობა თანამშრომლებს ქართველებად და თურქებად ყოფს, თურქი თანამშრომლებს კი უკეთეს პირობებში ამყოფებს.

,,შვებულებას როცა ვიღებთ სამ დღით, არ გვითვლიან სამუშაო საათებში და ხელფასს გვაკლებენ. ნახჭევანიდან ჰყავთ ჩამოყვანილი ხალხი, იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმონ. ჩვენი თანამშრომელი იმის გამო გაუშვეს სამსახურიდან, რომ 10 წუთით ადრე დაასრულა მუშაობა. არ გვინაზღაურებენ დამატებით ნამუშევარ საათებს, არ გვაცნობენ ხელშეკრულების პირობებს. ერთ-ერთ ხელმძღვანელს საუბრის დროს წამოსცდა, რომ ჩამოყვანილ თანამშრომლებს ხელფასს 2 500 დოლარს უხდიან, ჩვენ კი დღეში მხოლოდ 60 ლარს, როცა დღიურად 13 საათს ვმუშაობთ" - აცხადებს ილია აფრიამაშვილი.
კომპანიის ხელმძღვანელობა მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. გაფიცული თანამშრომლები კი პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

,,რა პოზიციაზე ვმუშაობ არ ვიცი, ხელშეკრულება ნანახიც არ მაქვს. ხან უსაფრთხოებაში ვიყავი, ხან შესყიდვებში. რასაც მავალებდნენ იმას ვასრულებდი. როცა ვეკითხებოდი რა პოზიცია მაქვს, მპასუხობდნენ რაში გაინტერესებს, შენ შენს საქმეს მიხედეო. გუშინ დამიძახა მენეჯერმა და მითხრა, რომ ხელშეკრულება უნდა შევწყვიტოთო, მიზეზად გაძვირებული პროდუქტი დაასახელა, რაც ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის. ორი თვეა ხელფასი არ აგვიღია. დღეს აქცია, აქცია რომ გავმართეთ, ახლა ჩაირიცხა დეკემბრის თანხა" - ამბობს დავით ბოჩიკაშვილი.

ორგანიზაცია "მაქრო კონტრაქშენი" აბასთუმანი - საირმე-ბაღდათის 16 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობას ემსახურება. აქციის მონაწილეების ნაწილი სამსახურში დაბრუნებას, მოქმედი თანამშრომლები კი შრომის კოდექსის შესაბამისად ადეკვატური ანაზღაურების მიღებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას ცალ-ცალკე შეხვდა ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე. შმაგი ბიძიშვილი აცხადებს, რომ კომპანიაში პრობლემა არ ყოფილა, იყო მცირე გაუგებრობა, რომელიც მოგვარდა.

,,საქმიანი შეხვედრა გვქონდა, მძღოლებს ჰქონდათ შეკითხვები, დაალაგეს თავიდან ბოლომდე ყველაფერი კარგად და დასრულდა. რაც შეეხება გაჩერებულ ტექნიკას, ხალხი ფიქრობდა რატომ არის გაჩერებულიო. ჩვენც შევეკითხეთ და ორშაბათიდან განახლდება მუშაობა. კომპანიას დასაქმებულებთან არავითარი პრობლემა არ აქვს. აბსოლუტურად ყველასთან იქნება კარგი ურთიერთობა, დასაქმებული იქნება როგორც შეთანხმებულია 70% ადგილობრივი მოსახლეობა" - აცხადებს შმაგი ბიძიშვილი.
| Print |