საზოგადოება
აბასთუმნის შემოვლით გზაზე დასაქმებულები პროტესტს დღესაც აგრძელებენ
აბასთუმნის შემოვლით გზაზე დასაქმებულები მეოთხე დღეა პროტესტს აგრძელებენ და სამუშაოდ ისევ არ გადიან. მშენებელი კომპანია "მაქრო კონსთრაქშენის" თანამშრომლები ამბობენ, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე კომპანია მათ პირობებს არ დათანხმდება. ისინი სათანადო ანაზღაურებას, შრომის კოდექსის შესაბამის სამუშაო საათებს და ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებას ითხოვენ.

5 თებერვალს, გაფიცულ თანამშრომლებს კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ და მუშაობის გაგრძელება იგივე პირობებით შესთავაზეს. მათ მხოლოდ სამუშაო საათების შემცირებას დაჰპირდნენ. მოსაფიქრებლად კი დრო 7 თებერვლამდე მისცეს. შეთანხმება ვერ შედგა და შესაბამისად, პროტესტი დღესაც გრძელდება.

"ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. კომპანია არცერთი პირობის დაკმაყოფილებას არ გვპირდება. ამიტომ, იგივე მოთხოვნებით ვაგრძელებთ პროტესტს," - ამბობს ილია აფრიამაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შპს "მაქრო კონსთრაქშენის" 30-მდე თანამშრომელმა დასაქმების პირობების გაპროტესტება 4 თებერვლიდან დაიწყო.

შპს "მაქრო კონსთრაქშენი" აბასთუმანი-საირმე-ბაღდათის 16 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობას ემსახურება.
| Print |