საზოგადოება
ასპინძელი ოლია მელიქიძე 100 წლის გახდა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში მცხოვრებმა ოლია მელიქიძემ 100 წლის იუბილე იზეიმა. ინფორმაციასა და ფოტო-მასალას გიორგი მაღრაძე ავრცელებს.

"დღეს ჩვენი ოლია ბაბო იუბილარია!..არც მეტი არც ნაკლები დღეს მას ასი წელი, მთელი ერთი საუკუნე შეუსრულდა!..წარმოგიდგენიათ ამ ჟამიანობისა და დროაჩქარებული ცხოვრების შემყურე, რა ბევრს ნიშნავს ასი წელი?!... მიხარია, რომ ბერმუხასავით ამაგრებთ ჩვენს უბანს და სოფელს!..ახარებთ საახლობლოს და სანათესაოს!..თქვენი ყოფნა სიმბოლურიცაა და ბევრისთვის მაგალითის მიმცემი, მიუხედავად ბევრი, მწარე და ტკივილიან-თვალცრემლიანი დღეებისა ,სიცოცხლე გრძელდება!.." - წერს გიორგი მაღრაძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

ოლია მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკოტაში 1922 წლის 10 თებერვალს დაიბადა. განათლება ახალქალაქის პედ-ტექნიკურ სასწავლებელში მიიღო. 1940 წლიდან ნაქალაქევის ქურთულ სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობდა.

"1944 წლამდე ნაქალაქევში, მუსლიმი მესხების გასახლებამდე და ზედა თმოგველების ჩამოსახლებამდე, ეთნიკურად ქურთული მოსახლეობა იყო და ამასთანავე მნიშვნელოვანია ისიც, რომ საუკუნეების შემდეგ ოლია ბაბო და მისი მეუღლე, გიორგი მელიქიძე, ფაქტობრივად ნაქალაქევის პირველმოსახლე ქართველები იყვნენ.

იმ დროინდელი ეთნო-სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოლიამ ბაბომ შესანიშნავად იცოდა, როგორც ქურთული ისე თურქული ენები, რომელზედაც ბოლო ხანებამდე თავისუფლად საუბრობდა!..არაერთხელ მინახავს შუა აზიიდან მოსული სტუმრების რეაქცია, როგორი გახარებულნი იყვნენ, როცა ოლია ბაბოს ნამოწაფარი, უკვე საკმაოდ ხანდაზმული ხალხი აღტაცებას ვერ მალავდა, როცა ოლია ბაბო მათი ბავშვობის ამბებს იხსენებდა, თანაც ქურთულად,"
- აღნიშნავს პოსტის ავტორი.

ოლია მელიქიძეს მეუღლე ადრე გარდაეცვალა და სამი ვაჟი მარტომ გაზარდა.
| Print |