საზოგადოება
„არ ჩერდება ჩვენი საერთო "ჩატი", ვცდილობთ, გავამხნევოთ ჩვენი უკრაინელი მეგობრები“ - ქეთი ხითარიშვილი
ახალციხელი ქეთი ხითარიშვილი უკრაინაში ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა. დონეცკის ოლქში ქალაქ დობროპილიაში ყოფნის პერიოდში არაერთი ადგილობრივი მეგობარი შეიძინა. ამბობს, რომ უკრაინელებმა მაშინ გულთბილად მიიღეს, რადგან მათ საქართველო ძალიან უყვართ. მისი აზრით, ქართველი ხალხის მხარდაჭერა ახლა აუცილებელია.

„დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინელები საშინელი რეალობის წინაშე დგანან და მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. არ ჩერდება ჩვენი საერთო "ჩატი". ვცდილობთ, გავამხნეოთ ჩვენი უკრაინელი მეგობრები. ისინი მეტროებში აფარებენ თავს. დახმარებას იღებენ მეზობელი ქვეყნებიდან, როგორიც არის მოლდოვა, პოლონეთი. დაბომბილია უნივერსიტეტები, საცხოვრებელი კორპუსები, მოსახლეობა ცდილობს პოლონეთის მიმართულებით გამგზავრებას, რომელიც უდიდესი საფრთხის ქვეშ ხორციელდება.

მინდა მოვუწოდო ქართველ ერს, რომ გვერდში დავუდგეთ ჩვენ მეგობრებს! მათ ძალიან უყვართ საქართველო და ყოველთვის დიდ სითბოს გამოხატავენ. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია: გავამხნეოთ და გვერდში დავუდგეთ,“
- აღნიშნავს ქეთი ხითარიშვილი.

ახალგაზრდა სტუდენტი მეგობრებს უკრაინაში სისტემატურად უკავშირდება და არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციას მათგან იღებს.

„ჩემ მეგობარ სოფის ვკითხე, რამით თუ შემეძლო დახმარება? მან კი მითხრა: ჩვენ ყველა ვცდილობთ დავიმალოთ და თავშესაფარი ვიპოვოთ. ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო არის ის, რომ გამამხნევო პოზიტიური დამოკიდებულებით, რომ მომავლის რწმენამ მაინც გადაგვარჩინოს,“- ამბობს ქეთი ხითარიშვილი.

როგორც 25 წლის სტუდენტი ჰყვება, ქალაქი სადაც იმყოფებოდა, რუსების მიერ ოკუპირებული და განადგურებული იყო.

„როდესაც დობროპილიაში ვიმყოფებოდი, ეს ჩემთვის აღმოჩნდა ერთგვარი დიდი კულტურული შოკი. ჩემი მშობლები და მათი თაობა სულ მეუბნებოდნენ, რომ ვერ წარმოვიდგენდი, თუ როგორი ცხოვრება იყო საბჭოთა კავშირში. მე ეს ცხოვრება და რეალობა ზუსტად დობროპილიაში ვნახე. ეს ადგილი დონეცკის ოლქშია, სადაც ცხოვრებაც კი საშიშია და დღემდე რუსების მიერ არის ოკუპირებული. ტერიტორია სრულიად განადგურებული იყო რუსული მხარის მიერ. როდესაც ქუჩაში გავდიოდით, იმდენად დაცარიელებული იყო, რომ უკაცრიელ ადგილას გვეგონა თავი. გარდა ამისა, არ დამავიწყდება, ახალგაზრდების მოტივაცია ესწავლათ ინგლისური ენა უკეთ. მათ იმის შესაძლებლობაც კი არ აქვთ აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტებში საზღვარგარეთ, რადგან ინფორმაცია მათთან ნაკლებად აღწევს რუსული გავლენის გამო,“ - იხსენებს ახალგაზრდა სტუდენტი.ქეთი ხითარიშვილი თვლის, რომ უკრაინელებს, მეგობარი ქართველების მხარდაჭერა ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ.
| Print |