საზოგადოება
ახალციხეში, აფეთქების შედეგად დაზანებული კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები განახლდა
რუსაველის ქუჩაზე გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შედეგად დაზანებული კორპუსის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები განახლდა. კომპანია "ნიუ პროჯექტის" დირექტორის განმატებით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების მიზნით კორპუსის დროებითი გამაგრება ხდება.

"ახლა დროებით გამაგრებას ვაკეთებთ უსაფრთხოების მიზნით. შემდეგ დავიწყებთ შესუსტებული კედლის გამაგრებას. არმატურა უნდა მოვქსოვოთ, რის შემდეგაც ჩავასხამთ ბეტონს. ამ სამუშაოების შემდეგ გადახურვის იატაკზე დავასხამთ ბეტონს", - განმარტავს დავით ჩაჩანიძე.

რუსთაველის ქუჩის N99ა-ში მდებარე კორპუსის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები მას შემდეგ შეჩერდა, რაც სამუშაო ტერიტორიის გასუფთავებისას გაუთვალისწინებელი დაზიანებები აღმოაჩინეს. ამის გამო კომპანიას პროექტის დაკორექტირება მოუწია. ასევე საჭირო გახდა დამატებითი სამშენებლო მასალის შეძენაც.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამუშაოები 31 მარტამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა გაუთვალისწინებელი მდგომარეობის გამო, თარიღმა გადაიწია. დავით ჩაჩანიძე ვარაუდობს, რომ კორპუსში დაბრუნებას მობინადრეები ორთვენახევარში შეძლებენ.

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის N99ა-ში მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი 2020 წლის 24 დეკემბერს აფეთქდა. შემთხვევის შედეგად პირველ სართულზე მდებარე რესტორნის იატაკი ჩაინგრა. აფეთქების დროს ორი ადგილობრივი დაშავდა. ერთ წელზე მეტია კორპუსის მაცხოვრებლები მერიის მიერ დაქირავებულ ბინებში ცხოვრობენ.
| Print |