საზოგადოება
სამების სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ნინოწმინდის სოფელ სამების სკოლაში დღეს შპს ,,სანიტრის" წარმომადგენლები ჩავიდნენ და სკოლის შენობასა და ეზოში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს. კომპანიის ხელმძღვანელის გიორგი ბიბილაშვილის თქმით, მათი რეკომენდაციაა, სკოლის ადმინისტრაციამ, შენობის მახლობლად მდებარე ძველი ინფრასტრუქტურის ნარჩენებს მიაქციოს ყურადღება.

,,ის ნიმუში რომელიც დღეს დავიჭირეთ, უფრო წყლის სახეობის არის. ტბასთან ძალიან ახლოს არის, ასევე არის ძველი ინფრასტრუქტურის ნარჩენები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქვეწარმავლის გამრავლება. ჩვენ ამოვიღეთ კონკრეტულ ოთახებში იატაკები, დავასხით რამდენიმე სახეობის შერეული პრეპარატები და შესაბამისად, აღარც კვერცხის დადება მოხდება აქ და აღარც გამრავლება. ასევე, ეს შერეული პრეპარატები, ეზოში ამოღებულ ორმოებში ჩავასხით, რომელსაც ზემოდან სპეციალური საფარი გაუკეთდება, რათა წყალმა და ნალექმა არ ჩარეცხოს" - განმარტავს გიორგი ბიბილაშვილი.

სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის განმარტებით, მოსწავლეთა უსაფრთხოების გამო დისტანციურ რეჟიმზე რამდენ ხანს გაგრძელდება სასწავლო პროცესი, ეს შეწამვლის შედეგზეა დამოკიდებული.

,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა, შარშან გვითხრეს, რომ ზამთარში ტბის მთლიანი გაყინვის გამო, გველები სკოლის სარდაფში იბუდებენო. ისიც გვითხრეს, რომ ძირითადად შხამიანები არ არიანო, მაგრამ დაზღვეული ვინ არის? გვეუბნებიან, რომ სამი წლის განმავლობაში აღარ შეგვაწუხებენ, მაგრამ ამისიც აღარ მჯერა“ - ამბობს სამების მკვიდრი თეონა ნათენაძე.

| Print |