საზოგადოება
მოხალისეებმა რაბათის უბანში ტყე დაასუფთავეს
მოლაშქრეთა და მოგზაურთა კლუბ „აბულის“ და ადგილობრივი აქტივისტების ორგანიზებით, ახალგაზრდებმა ახალციხის ისტორიულ უბანში, რაბათში დასუფთავების აქცია გამართეს. მოხალისეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ტყე გაწმინდეს.

"მოლაშქრეები ვართ და ჩვენთვის ბუნებაზე ზრუნვა და მისი გაფრთხილება უპირველესია. ამასთანავე, იმედი გვაქვს ერთი ადამიანი მაინც დაფიქრდება და მიხვდება, რომ ბუნების დანაგვიანება არ შეიძლება და ამით მინიმუმ, ერთ კარგ საქმეს გავუკეთებთ ჩვენს დედა ბუნებას. ამიტომ მე და ჩვენმა აქტივისტმა ახალგაზრდებმა, სალომე გვირჯიშვილის თაოსნობით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით დავგეგმეთ დასუფთავების აქცია, სადაც მოვიწვიეთ ჩვენი მეგობრები და მოხალისეები. ამისთვის კი ავარჩიეთ ქალაქის ყველაზე დაბინძურებული და სავალალო მდგომარეობაში მყოფი ადგილი - რაბათის ტყე. დასუფთავდა მთლიანი ტერიტორია ახალციხე-ანის დამაკავშირებელი გზიდან ახალციხე-სვირის დამაკავშირებელ გზამდე. შეგროვებულ იქნა ნარჩენების 200-ზე მეტი ტომარა“, - ამბობს ალექსი გრიგალაშვილი, კლუბ „აბულის“ ხელმძღვანელი.

მოლაშქრეთა და მოგზაურთა კლუბ „აბულის“ წევრები, მოხალისეებთან ერთად დასუფთავების აქციებს პერიოდულად მართავენ.

| Print |