საზოგადოება
"IDS ბორჯომის" თანამშრომლები პრემიერისგან დაპირებული "სასიამოვნო სიახლის" გაჟღერებას ითხოვენ
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები ხვალ, 4 მაისს, 12:00 საათზე, ქალაქ ბორჯომში, ბრიფინგს აანონსებენ. დასაქმებულები ქარხნის გენერალურ დირექტორს ივანე მაჭავარიანს, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ. დასაქმებულები "ითხოვენ ღირსეულ და უსაფრთხო შრომას შანტაჟის, მუქარისა და დაშინების გარეშე".

ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები პრემიერ-მინისტრისგან ბორჯომთან დაკავშირებული სასიამოვნო სიახლის შესახებ, დაპირებული ინფორმაციის გაჟღერებას მოითხოვენ.

"ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კონსტიტუციურ უფლებას და არ დავთმობთ ბორჯომის ქარხნაში დასაქმებული არცერთი მუშის სამუშაო ადგილს, რომელიც მათი ოჯახებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა", - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დაწესებული სანქციების გამო, 29 აპრილიდან მინერალური წყლის - "ბორჯომის" ჩამომსხმელი ორივე ქარხანა გაურკვეველი ვადით გაჩერდა. 1 000-ზე მეტი თანამშრომელი შემოსავლის გარეშე დარჩა. მიზეზი სანქცირებული მფლობელი და დაბლოკილი ანგარიშებია. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 აპრილს განაცხადა, რომ "ბორჯომის" შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია ცოტახანში გახდებოდა ცნობილი.

ფოტო: ლაბორ • LABOR
| Print |