საზოგადოება
ახალციხეში, მეორე მსოფლიო ომის ობელისკი ყვავილებით შეამკეს

საქართველოში დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნეს. ახალციხეში, მეორე მსოფლიო ომის ობელისკი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. პირველი წელია, როცა ღონისძიებაში მონაწილეობა თავად ვეტერანებმა ვერ მიიღეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მეორე მსოფლიო ომის სამი მონაწილე ცხოვრობს, რეგიონში კი მათი რიცხვი ხუთამდე შემცირდა. ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამივე ვეტერანისთვის 700-700 ლარი გამოიყო, ბორჯომმა კი, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი ვეტერანისთვის - 300-300 ლარი. ამის გარდა, მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილეს, 1 000 ლარი ჩაერიცხება.

მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს, ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისის მასშტაბური აღნიშვნა ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ, ბრეჟნევის ხელმძღვანელობის დროს დაიწყეს.

| Print |