საზოგადოება
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები კომპანიის მხრიდან შანტაჟზე ალაპარაკდნენ

ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები მუქარასა და შანტაჟზე ალაპარაკდნენ. კომპანიაში დასაქმებულები, რომლებიც ახალ ხელშეკრულებას მათთვის მიუღებელი პირობების გამო არ აფორმებენ, ამბობენ, რომ ტელეფონზე ურეკავენ და აიძულებენ შეთანხმებას ხელი მოაწერონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეუბნებიან, რომ განაცდურს არ აუნაზღაურებენ და სამსახურიდან გაუშვებენ.

უკვე გათავისუფლებული 49 თანამშრომლის გარდა, ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს, კიდევ 100-მდე თანამშრომელი ამბობს.

კვირაზე მეტია კომპანიის თანამშრომლები პროფკავშირებთან ერთად მედიაციის პროცესში ჩაერთნენ და ცდილობენ, რომ ქარხნის ხელმძღვანელობასთან სახელშეკრულებო პირობები შეათანხმონ. თუკი შეთანხმება ვერ მოხერხდა, ორ კვირაში ფართომასშტაბიანი გაფიცვები ანონსდება.

კვირაზე მეტია IDS ბორჯომმა ორივე ჩამომსხმელი ქარხანა გააჩერა. მიზეზად მფლობელის, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, მიხეილ ფრიდმანის სანქცირება სახელდება.
| Print |