საზოგადოება
ახალციხელმა იმედა აფციაურმა ავტომობილის მორიგი დიზაინი შექმნა
ახალციხელმა იმედა აფციაურმა მორიგი ავტომობილის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტი დაასრულა, რომელზეც 2020-2022 წლებში იმუშავა. ამბობს, რომ პანდემიის პერიოდი თავის სასარგებლოდ გამოიყენა და დასახულ მიზანსაც მიაღწია.

პროექტი, ამერიკელი ინჟინრის ქეროლ შელბისა და დიზაინერ პიტერ ბროკის 1964 წელს შექმნილი სპორტ-კარის Shelby Cobra Daytona Coupe-ს ბაზაზეა დაფუძნებული.

„აღნიშნული სპორტ კარის ახლებურ ვარიანტზე 2015-წლიდან ვფიქრობდი, როცა ჩემი სიამოვნებისთვის შევქმენი Shelby Cobra Daytona Coupe-ის 3D, კომპიუტერული ასლი, მაგრამ ვერ ვახერხებდი მუშაობას დროის სიმცირის გამო“ – ამბობს იმედა აფციაური.

Daytona Coupe-ს ასლზე მუშაობისას მან ყველა დეტალი, ფორმა, კონსტრუქცია სრულად შეისწავლა. მიღებულმა გამოცდილებამ კი საკუთარი ხედვით მუშაობის შესაძლებლობა მისცა.„მაქსიმალურად შევეცადე შემენარჩუნებინა, პროპორციები და ფორმები. ასევე შევეცადე არსებული ძველი მოდელის დეტალები უკეთესად წარმომეჩინა და შემეტანა სასარგებლო ელემენტები, რაც დიზაინს გახდიდა თანამედროვეს და მიმზიდველს“ - ჰყვება აფციაური.

კონცეპტუალური დიზაინის 3D ვიზუალიზაციის დასრულების შემდეგ, პროექტი უცხოეთის მრავალათასიან ავტომოყვარულთა ჯგუფებში გამოაქვეყნა. მის მიერ შექმნილმა დიზაინმა დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. ამბობს, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, უკვე ჰყავთ პოტენციური მყიდველები.

„ასე რომ, ვცდილობთ, პარტნიორების მოძიებას ამ პროექტის განხორციელებისათვის“ - ამბობს იგი.აღნიშნული პროექტი მისთვის პირველი არ არის. 2018-2019 წლებში, ერთ-ერთი საინტერესო ტრანსპორტის პროექტზე „წიქარა“-ზე იმუშავა, რომელიც უნიკალური, ექსკლუზიური დიზაინითაა შექმნილი. ტრანსპორტი სამ-თვლიანია, მსუბუქი, ეკონომიური და ამავე დროს საკმაოდ სწრაფიც. პროექტი ახალციხელმა ინჟინერმა, გურამ სუდაძემ განახორციელა.იმედა აფციაურმა 1994-1998 წლებში, თვითგანვითარების მიზნით, მერსედესის ერთ-ერთი გამორჩეული ფრანგი დიზაინერის, პოლ ბრაქის ავტომობილის, ახლებურ ვარიანტზე იმუშავა, რომლის მსგავსი დიზაინის მქონე ავტომობილი, 2009 წელს „მერსედესმა“ წარმოადგინა.

„სამწუხაროდ ეს მიღწევა ჩემთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ მაინც მოხარული ვარ, რადგან ჩემ მიერ მრავალი წლის წინ შექმნილი დიზაინი თითქმის იდენტურია განხორციელებული ვერსიის“ - აღნიშნავს იმედა აფციაური.

იგი სამრეწველო დიზაინის მიმართულების მაგისტრია. 2010 წელს სამაგისტრო ხარისხი ორ ადგილიანი ურბანული, "გიროსკოპული ელექტრომობილი"-ს კონცეპტუალური დიზაინ-პროექტით დაიცვა.
| Print |