საზოგადოება
ბორჯომის ქარხნების გაჩერებით მუნიციპალიტეტი 12 მილიონამდე ლარს დაკარგავს
მინერალური წყლების კომპანია ბორჯომის მოსახლეობის დასაქმების მთავარი წყაროა. გარდა ამისა, ბორჯომის ქარხნიდან ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 მილიონ ლარამდე შედიოდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქარხნების გაჩერება, არამარტო იქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.

„ევროპული საქართველოს“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბაქარ შირაძე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს. მისი თქმით, რუსეთზე ჩამოკიდება ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია და ამის შესაცვლელად ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ზაალიშვილის თქმით, IDS ბორჯომს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წყლის რესურსის მოპოვების გადასახადი ყოველ კვარტალში შეჰქონდა, რაც წლის განმავლობაში მოსაკრებელი 12 მილიონ ლარამდეა. 

,,ქარხანას უკვე გადახდილი აქვს ორი კვარტლის გადასახადი, იმედია, მესამე კვარტლის თანხის გადახდამდე ორგანიზაცია ამუშავდება და გადახდის პრობლემა არ შეიქმნება. რა თქმა უნდა, ქარხნის ამუშავება მნიშვნელოვანია, როგორც ბიუჯეტის შევსების, ასევე ადგილობრივების დასაქმების თვალსაზრისით" - განმარტავს დავით ზაალიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაპირება, რომ მალე მოსახლეობას "IDS ბორჯომთან" დაკავშირებით სასიამოვნო ინფორმაციას ამცნობდა, ირაკლი ღარიბაშვილი ორი კვირაა ისევ სიურპრიზად ინახავს.

ვიდრე ხელისუფლება ქარხნის პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს, მანამდე დასაქმებული თანამშრომლები ადმინისტრაციის შერჩევით სამართალზე საუბრობენ და უფლებების დაცვისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ "IDS ბორჯომმა" ორივე ჩამომსხმელი ქარხანა გააჩერა. მიზეზად მფლობელის, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, მიხეილ ფრიდმანის სანქცირება სახელდება.
| Print |