საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისში მსვლელობით აღნიშნავენ
საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით მსვლელობას გამართავს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, თბილისში 17 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდება, რომელსაც ქაშვეთის ეკლესიაში დააბრძანებენ, სადაც პარაკლისი შესრულდება, რის შემდეგაც ხატებით მსვლელობა შედგება.

მათივე ინფორმაციით, პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიეძღვნება ერთი ოჯახის დღესა და მშვიდობას, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

“წელს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, თბილისში შემობრძანდება აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც, ტრადიციისამებრ, ოფრედან (თურქეთის რესპუბლიკა) 11 მაისს წამოაბრძანეს ჩვენმა სასულიერო პირებმა და სამშაბათს, 12:30 საათზე, დააბრძანებენ ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც შესრულდება პარაკლისი, შემდეგ კი მოეწყობა ლოცვითი მსვლელობა წმინდა ხატებით სიონის დედა-ეკლესიისაკენ.

ომი საშინელებაა; იგი იწირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, იწირავს ოჯახის ბედნიერებას.

ოჯახისა და მშვიდობის თემაზე ამავე დღეს მოეწყობა ბავშვების ნახატების გამოფენა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში"
-ნათქვამია ინფორმაციაში.
| Print |