საზოგადოება
"ნებისმიერი ადამიანი ადამიანია. მნიშვნელობა არ აქვს ერს" - სიმონ აკოფაშვილი რუსების დახმარებაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უნწაში, ადგილობრივი სიმონ აკოფაშვილის ბაღებს, მისივე ნებართვით, რუსეთის მოქალაქეები შპს-ების და ინდ.მეწარმეების იურიდიულ მისამართებად იყენებენ. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, აკოფაშვილი რუსების დახმარებაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ნებისმიერი ადამიანი პატივისცემას იმსახურებს.

„ნებისმიერი ადამიანი არის ადამიანი. მნიშვნელობა არ აქვს ერს და წარმოშობას, საიდან არის, ვინ არის და რა არის. ყველა ადამიანს სჭირდება პატივისცემა. ბევრ ადამიანს ეს არ ესმის. იმიტომ არ ესმის, რომ ტვინის მაგივრად სხვა რამე უდევს თავში, სხვანაირად აზროვნებს... საერთოდ, ადამიანის მოდგმას დღემდე არცერთს არ უაზროვნია სწორად და სწორად არაფერი გაუკეთებია“, - ამბობს იგი.

სიმონ აკოფაშვილის თქმით, ის კანონს არ არღვევს და არც ეს საქმიანობაა მისი შემოსავლის ძირითადი წყარო. ამბობს, რომ ამით "ფულს ვერ იშოვის ადამიანი", რადგან რუსეთის მოქალაქეების "პატივისცემის" სანაცვლოდ, მხოლოდ არსებობისთვის საჭირო თანხას იღებს.

"თავის მოსაბეზრებელი თემაა უკვე. თუ კანონს ვარღვევ, არსებობს კანონი და გავესაუბრები მაგათ. არანაირი პრობლემა არ მაქვს მე არასდროს თან. შენი აზრით, მარტო რუსებს ვეხმარები? შენი აზრით, ეგ ბიზნესი არის და მაგით ფულს იშოვის ადამიანი? იშოვება! ელემენტარულად რომ იარსებო, ყველი იყიდო და პური იყიდო, ბავშვს კანფეტი უყიდო" - ამბობს აკოფაშვილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უნწაში არსებული მიწის ნაკვეთები აპრილამდე, იურიდიულ მისამართებად რუსეთის 314-მა მოქალაქემ გამოიყენა. მათ შორის, ერთი ადგილი სოფლის სასაფლაოსთან მდებარეობს. აქ რუსეთის 61 მოქალაქეა რეგისტრირებული. სიმონ აკოფაშვილის მეორე ნაკვეთი კი იურიდიულ მისამართად ოკუპანტი ქვეყნის 253-მა მოქალაქემ გამოიყენა. აქედან 76 - კომპანიაა, ხოლო 177 ინდ. მეწარმე.სიმონ აკოფაშვილის ერთ-ერთი ნაკვეთი.

ერთი სუბიექტისთვის, იურიდიულ მისამართად საკუთარი უძრავი ქონების გამოყენების უფლების მიცემა 100-150 ლარი ღირს.

რუსეთის მოქალაქეების საქართველოში რეგისტრაციის საკითხი
"აი, ფაქტმა" შეისწავლა.
| Print |