საზოგადოება
ბორჯომის თანამშრომლებსა და კომპანიას შორის შეთანხმება გაფორმდა

ბორჯომში, ქარხნის თანამშრომლების გაფიცვის 22-ე დღეს, მუშებსა და ქარხნის ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა.

მხარეები საერთო პირობებზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეს, ოფიციალურად შეხვედრაზე გააფორმეს. შეხვედრას ესწრებოდა მედიატორი, შრომის ინსპექციის დირექტორი, კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველოს მენეჯმენტი და გაფიცული მუშები. შეთანხმების თანახმად, 50 გათავისუფლებულიდან კომპანია 48-ს სამსახურში აღადგენს. ორ თანამშრომელს - პროფკავშირის თავმჯდომარესა და მოადგილეს, სამსახურში აღდგენაზე უარი უთხრეს.

მუშებს უკვე დაერიცხათ აპრილის თვის ხელფასი, მაისის ანაზღაურებას ორ დღეში ელიან. დაკმაყოფილდა მთავარი მოთხოვნა, რომელსაც მოჰყვა გაფიცვა, რომ ახალი ხელშეკრულებები დროებითი ყოფილიყო. კომპანიამ მათთან ექვსთვიანი ხელშეკრულება გააფორმა, მომავალი წლიდან მუშები ძველ ხელშეკრულებებს დაბრუნდებიან. საპროტესტო აქცია დღეიდან შეწყდა, ქარხნის თანამშრომლები საწარმო პროცესს სავარაუდოდ, ხვალიდან დაუბრუნდებიან.

ბორჯომის პირველ და მეორე ჩამომსხმელ ქარხანაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, როცა 60%-ის მფლობელი მიხაილ ფრიდმანი სანქციების ქვეშ მოექცა. 29 აპრილიდან მუშაობა შეაჩერა ორივე ქარხანამ. მუშები 31 მაისიდან გაიფიცნენ. პროცესებში ჩაერთო მთავრობა, რის საფუძველზეც სახელმწიფო გახდა კომპანიის 7,73% წილის მფლობელი.
| Print |