საზოგადოება
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებმა სასამართლოდან სარჩელი გამოიტანეს
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლების სარჩელი განხილვაში აღარ არის. მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს, რომ საქმის წარმოება შეწყვეტილიყო.

სარჩელი გამოიტანა 49 პირმა, რომელიც ადმინისტრაციამ რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლა. სასამართლოში რჩება ერთი თანამშრომლის, გიორგი გაბაშვილის საქმე, რომელიც სხვა დასაქმებულებისგან განსხვავებით, თანამშრომლებისა და საწარმოს დირექტორის საუბრის უკანონო გადაღების და გასაჯაროების მოტივით გაათავისუფლეს.

წარმოების ოპერატორი მეორე ჩამომსხმელ ქარხანაში დაბრუნდა, თუმცა ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. შეთანხმების შემთხვევაში სარჩელს გამოიტანს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში დავას პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე მორალური ზიანის მიყენებისთვის გააგრძელებს.

"მოსარჩელეთა ნაწილმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართა რომ წარმოება შეწყვეტილიყო. დანარჩენ ნაწილში დამატებით იყო ბაჟი გადასახდელი, შესაბამისად მოხდა შეთანხმება და ბაჟის გადახდა აღარ განხორციელდა და სასამართლომ განუხილველად დატოვა ეს საქმე. იმ ერთ პირთან მიმართებით მიმდინარეობს ცალკე მოლაპარაკება. დანარჩენი ვინც კი ორგანიზაციის გამო იყო გათავისუფლებული ამ ადამიანებთან მიმართებით სრულად გადაწყდა საკითხი " - განაცხადა პროფკავშირების იურისტმა თამარ სურმავამ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნიდან გათავისუფლებულებმა, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით ახალციხის რაიონულ სასამართლოს 16 ივნისს მიმართეს. თუმცა ექვს დღეში, გაფიცვის 22-ე დღეს, მუშებსა და ქარხნის ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა და გათავისუფლებულები სამსახურში აღადგინეს.
| Print |