აბასთუმნის ობსერვატორიის ახალ ტელესკოპსა და გუმბათს ავსტრიული კომპანია დაამზადებს
ვიწყებთ ობსერვატორიის მთავარი გუმბათისა და მთავარი ტელესკოპის დამზადების პროცესს. შეირჩა საუკეთესო ევროპული კომპანია, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის ობსერვატორიის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აბასთუმნის ობსერვატორიის 1.5 მეტრიანი ტელესკოპის, მისი შესაბამისი აღჭურვილობისა და 12 მეტრის რადიუსის გუმბათის დასამზადებლად ავსტრიული კომპანია „ASA Astrosysteme GmbH“ შეარჩია.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ავსტრიულ კომპანიას მაღალი ხარისხის ტელესკოპებისა და სამეცნიერო აღჭურვილობის დამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის მაღალპროფესიული გუნდი ასტრონომიული კვლევისა და დაკვირვების დანადგარებს ამზადებს როგორც კომერციული ორგანიზაციებისათვის, ისე წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის.
ახალი ტელესკოპისა და გუმბათის დამზადება-ინსტალაცია კომპანიამ 2024 წლისთვის უნდა დაასრულოს. პროექტი მსოფლიო ბანკის 8.6 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.