საზოგადოება
რას ემსახურება რაბათში რუსული პროექტის ანონსი - ახალციხელები
,,ვერასდროს დავუშვებთ იმას რომ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ რომელიმე ჯგუფი ან ორგანიზაცია ჩვენთან რაიმეს განახორციელებს. სამწუხაროდ არცერთმა ტელევიზიამ ჩემი სრული კომენტარი არ გააშუქა. მითუმეტეს 7 აგვისტოს საერთოდ არ დაგეგმილა არანაირი გადაღება, ეს იყო "ქვევრი ივენთის" არასწორად დაგეგმილი პიარი, ალბათ საზოგადოების ინტერესის შესაფასებლად. გთხოვთ, მოეშვით ამ თემით მანიპულირებას. ის რაც არ შეთანხმებულა, როგორ ჩაიშლებოდა” – ეს განცხადება ახალციხის ციხის დირექტორმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ინსტაგრამით, რაბათში, ფორტ ბოიარდის რუსული ანალოგის ჩატარების შესახებ შპს ,,ქვევრ ივენთმა“ ინფორმაცია გაავრცელა.

შპს „ქვევრი ივე“ საქართველოში ოფიციალურად 2022 წლის 17 თებერვალს ქ.რუსთავში შარტავს N 19-ში დარეგისტრირდა. მისი დამფუძნებელი და დირექტორი რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული მოქალაქე ელენა ნევრიუევაა. ანონსის მიხედვით, სწორედ ამ კომპანიის დაფინანსებით იგეგმებოდა „ახალციხის ციხეზე“ „ფორტ რაბათის“ ჩატარება.

„ინსტაგრამზე“ განთავსებული ინფორმაციიდან, ფოტოებიდან და ვიდეოებიდან ირკვევა, რომ გეგმის მიხედვით, თამაშის მიმდინარეობისას რაბათის ციხის ნაწილი ტურისტებისთვის დაიკეტებოდა და ტერიტორიაზე მხოლოდ ორგანიზატორების და მონაწილეებს შეეძლებოდათ დასწრება. მათ ნათესავებსა და შვილებს კი უფლება ეძლეოდათ, თამაშის დროს, დრო გაეტარებინათ ციხის ქვედა ნაწილში, სადაც განთავსებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა:კაფე-ბარი, მაღაზიები, სუვენირების ჯიხურები და ა.შ.

„ქვევრ-ივეს“ დამფუძნებელი და დირექტორი, რუსეთის მოქალაქე ელენა ნევრიუევა ამბობს, რომ რეალითი შოუს ჩატარებას „ახალციხის ციხეზე“ აგვისტოში გეგმავდა.

,,დარეკეთ რაბათში, მე არ ვარ კომპეტენტური“ - თავდაპირველად, მხოლოდ ამ ფრაზით შემოიფარგლა გავრცელებული ანონსის ავტორი, თუმცა მოგვიანებით უარყო, რომ 7 აგვისტოს, ახალციხის ციხეზე ღონისძიების გამართვას გეგმავდა. ნევრიუევა ირწმუნება, რომ ანონსი, რომელიც ასოციალური ქსელით გავრცელდა და რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის ვნებათაღელვა გამოიწვია, მას არ გაუვრცელებია. ,,თუ გავრცელდა, ეს ჩვენგან ნამდვილად არ მომხდარა. 100%-ით შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ 7 აგვისტოს ჩვენ არაფერს ვგეგმავთ ახლციხეში. დარეკეთ რაბათში და როგორც ხელმძღვანელობა იტყვის, ესე იგი ისეა“ - აღნიშნა მან.

„Сокровища Рабата“ – ბოლო დღეებია ამ სახელწოდების თამაშის შესახებ საინფორმაციო კამპანია რუსულ ენაზე როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე მიმდინარეობდა. ანონსის მიხედვით, „რაბათის განძი“ „ფორტ ბოიარდის“ ანალოგია, რომელიც ახალციხეში, რაბათის ციხეში მოეწყობა.

„ახალციხის ციხეს ტურისტების განსაკუთრებით დიდი ნაკადი ზაფხულში სტუმრობს, თუმცა ყველა ასეთ მოგზაურს მოცდა მოუწევთ, სანამ თქვენ ციხის საგანძურს არ მოიპოვებთ“, – წერია 11 ივლისით დათარიღებულ პოსტში.

კომპანიის ერთადრთი რუსულენოვანი წარმომადგენელი, რომელიც საკუთარ თავს ასე გვაცნობს, ელენე ნევრიუევაა. ამბობს, რომ მისი შვილი ცხრა წლის წინ დაიბადა საქართველოში და ეს ქვეყანა ძალიან უყვარს. კომპანიაც ქართულია, ოღონდ რუსულენოვან აუდიტორიაზე გათვლილი. გული სტკივა, რადგან პროექტს პოლიტიკური სახე მიეცა. ირწმუნება, რომ პროექტი მხოლოდ საქართველოსთვის, ქვეყანაში ტურისტების და თანხის შემოტანისთვის დაიგეგმა.

,,მთელ კომპანიაში ერთადერთი რუსულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანი ვარ, ერთადერთი ქართველებს, აფხაზებსა და სომხებს შორის, რომელსაც სურს რამე გააკეთოს საქართველოსთვის. შეხედეთ სხვა საიტებს, რომლებიც ჩვენსავით რუსულენოვან აუდიტორიაზე მუშაობენ, მათ ქართულენოვანი არავინ ჰყავთ, რადგან ეს აბსურდია. ბელარუსები, უკრაინელები - მათ რა პრობლემები შეექმნათ იმის გამო, რომ რუსული იციან? როგორ მივმართოთ აბა მათ? ამის გამო საშინელი ხალხია ისინი? მე დიდი ხანია საქართველოში ვცხოვრობ, მიყვარს ეს ქვეყანა. ამ პროექტს შეუძლია სამცხე-ჯავახეთს ახალი ხალხი მოუყვანოს, ფინანსები მოუტანს და ამის ნაცვლად მრავალი პრობლემა ჩნდება პოლიტიკური ნიშნით“ - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.

რუსული კომპანიის მიერ რაბათში, ახალციხის ციხეში დაანონსებულ თამაშებთან დაკავშირებით, 30 ივლისს ფეისბქში საპროტესტო აქცია დაანონსდა. გაჩნდა გვერდი, ,,არა რაბათის ციხის თამაშებს“, სადაც გვერდის მმართველი რუსული თამაშების გასაპროტესტებლად მსურველებს ციხეში 7 აგვისტოს, 14:00 საათზე ელოდებოდა.

,,ციხე შიგნიდან არ გატყდება. ჩავიდეთ ყველანი 7 აგვისტოს რაბათში და ვაჩვენოთ როგორია “რაბათის ციხის თამაშები”. არა კიდევ ერთ “გავრილოვის წამოსკუპებას”, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორის განცხადებაში.

განცხადებით, რომელიც 30 ივლისს გავრცელდა, დაინტერესება 227 ადამიანმა გამოხატა. ციხის დირექტორი ფიქრობს, რომ მხოლოდ მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, მასაც მკაცრი რეაქცია ექნებოდა. თუმცა, ირწმუნება, რომ ,,ქვევრი ივეს“ მიერ გავრცელებული ანონსის შინაარსი მისთვისაც უცნობი და შეუთანხმებელი იყო.

,,არანაირ რუსულ კომპანიასთან გარიგება არ ყოფილა. იყო ინტერესი ქართულ შპს ქვევრი ივენთისგან. ამ კომპანიის გარდა სხვა კომპანიებსაც ჰქონდათ სურვილი ფორტ ბოარდის მსგავსი ანალოგის ჩატარების ჩვენთან. თუმცა არც გარიგება და არც შეთანხმება არ მიღწეულა მათთან“.

ის ფაქტი, რომ ანონსში მათი მოქმედი თანამშრომელი ჩანს, ნათენაძე სატესტო გადაღებით ხსნის. აცხადებს, რომ ეს მხოლოდ სატესტო რეჟიმში მოწყობილი სივრცე იყო. რეალური თამაში ციხეზე არ გამართულა, რადგან მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ხელშეკრულებაზე ხელი არც ერთ მხარეს მოწერილი არ ჰქონდა.

,,ალბათ თვითონ მოსინჯეს წინასწარი პიარით თუ იქნებოდა ინტერესი აღნიშნულ თამაშებს და სამწუხაროდ რუსულად დაპოსტეს ინსტაგრამზე, ამოიღეს ძველი კადრები რომელიც 2018 წელს ჩატარდა. ეს ყველაფერი ჩვენთან შეთანხმების გარეშე მოხდა. მანამდე ჩვენი განხილვის თემა იყო ახალციხის ციხეში შემომსვლელი ტურისტებისთვის სპეციალური პაკეტების გაკეთება, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლებოდა მიეღო მონაწილეობა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო სხვა ენაზე და არც ციხის ტერიტორია არ დაიკეტებოდა ვიზიტორებისთვის არცერთი წუთი. ეს იყო წინასწარი საუბარი, რომელიც შედგა. მათ საუბარი ჰქონდათ საქართველოში არსებული ორგანიზაციებიდან კორპორატიული ჯგუფების ჩამოყვანის, სადაც ცნობილი ქართული სახეები მიიღებდნენ მონაწილოებას“ - აცხადებს გიორგი ნათენაძე.

კადრები რომ არქივიდან არის, ამის შესახებ ნევრიუევაც საუბრობს. ქვევრი ივეს წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ 2014-17 წწ. კადრები ქართულმა კომპანიამ გადაიღო.

,,ჩვენ ჩატარება არ გადაგვიფიქრებია, მაგრამ რადგან ამას პოლიტიკური სახე მიეცა, მაშინ იყოს ისე, როგორც სურთ. მე არ მესმის ეს დამოკიდებულება და ვერც გავიგებ. ვფიქრობდით, რომ გუნდები შეგვეკრა 7-11 აგვისტოსთვის, მაგრამ ეს ანონსი არ ყოფილა, უბრალოდ პროდუქტი ვაჩვენეთ ჩვენ აუდიტორიას, რომელიც საუბრობს რუსულად, მხოლოდ ეს იყო. არ ვიცი რას დაწერთ და გაავრცელებთ, მაგრამ მე ძალიან მტკივა, მტკივა იმიტომ რომ, ეს საშინელებაა. ეს ქართული ლეგენდაა, ქართული ისტორია, შეგვეძლო ბოიარდზე უკეთესი გაგვეკეთებინა, რომ მთელი მსოფლიო ჩამოსულიყო და ამ ყველაფერს ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ მთავარ პრობლემად იქცა ერთი ადამიანი, რომელიც რუსულად საუბრობს? დაფიქრდით ამაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ქართული კომპანიაა და პროექტიც მხოლოდ საქართველოსთვის კეთდებოდა“.

რა მოხდა სინამდვილეში და როგორ აფასებენ ფაქტს ახალციხეში? ნიკოლოზ ბეგიშვილი ფიქრობს, რომ მომხდარს არაერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

,,1. ციხის ადმინისტრაციის შეცდომაში შეყვანით სურდათ ჩაეტარებინათ რუსული ღონისძიება;

2. აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოების განწყობების დატესტვა სხვადასხვა რუსულ პროექტებზე (კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული და ა.შ).

3. უნდათ ქართული მოსახლეობა შეაგუონ, რომ რუსული პროექტების განხორციელებით არაფერი შავდება და ამის ნორმად დამკვიდრებას შეეცდებიან.

4. ქართული მოსახლეობის გადინების და რუსების შემოდინების ფონზე პროპაგანდა კიდევ უფრო გაიზრდება და რიგ შემთხვევაში საღად მოაზროვნე მოსახლეობის აზრი უმცირესობაში აღმოჩნდება ან გახდებიან ბულინგის მსხვერპლნი რუბლებზე გაყიდული ქართველების მიერ.

წესით ამ ყველაფერს ხელისუფება უნდა აკონტროლებდეს და ამის პრევენციას ახდენდეს, თუმცა იმის ფონზე, რაც დღეს ხდება მე პირადად მათი იმედი არ მაქვს. ამიტომ მოსახლეობამ აქტიურად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ყველაფერი რუსულის მიმართ, რათა ნელნელა არ მოხდეს შეგუება (შეგუების შემდეგი ეტაპი იქნება მონობა), რაც საბოლოოდ კატასტროფამდე მიგვიყვანს!!!“
- აღნიშნავს ახალციხის მკვიდრი ნიკოლოზ ბეგიშვილი.

,,ვერ მოხდება, რუსული პროექტის გატარება თან რუსულ ენაზე, ახალგაზრდები არ დავუშვებთ ამას. ეს საქართველოა, ყოველგვარი ღონისძიება მხოლოდ ქართულად“ - ირწმუნება ლაშა ნარიმანაშვილი.

გიორგი ნათენაძე განმარტავს, რომ შეთანხმების შემთხვევაში, ციხე სოლიდურ ფინანსებს მიიღებდა, თუმცა მანამდე დეტალების გავლა იყო საჭირო. გაიმართება თუ არა ფორტ ბოირდის რუსული ანალოგი ახალციხეში, ციხის დირექტორი ირწმუნება, რომ არა, რადგან ერთი, რომ შეთანხმება ვერ შედგა და მეორე, მოლაპარაკების პროცესში მეორე მხარემ მოლაპარაკებების პირობები დაარღვია.
| Print |