საზოგადოება
"ღამის შოუს ბენდს" საჯარო უწყებებმა 128 500 ლარი უტენდეროდ მისცეს - "ფლანგვის დეტექტორი"
"ღამის შოუს ბენდს", რომელიც "იმედი"-სა და "პოსტვ"-ის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული, საჯარო უწყებებმა მხოლოდ 2022 წელს, 128,500 ლარი უტენდეროდ მისცეს. მასში შედის ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაც, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა დღეს საღამოს გამართულ კონცერტში გადაიხდის. "ფლანგვის დეტექტორმა" დაადგინა, რომ ხელშეკრულებები ყოველგვარი კონკურენციის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით ფორმდება.

2022 წლის განმავლობაში შესყიდვების სააგენტოს ჯამში შვიდმა მერიამ მიმართა, რათა გამარტივებული წესით ხელშეკრულების გასაფორმებლად ნებართვა მიეღო.

ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება "ღამის შოუს ბენდთან" ფოთის, წყალტუბოსა და სენაკის მერიებმა გააფორმეს. რაც შეეხება ადიგენს, დღევანდელ კონცერტში, რომელიც ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, მერია 13 850 ლარს გადაიხდის.

ადიგენის მერს ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა ხელშეკრულება "ღამის შოუს ბენდთან" გაეფორმებინა. გოჩა ქიმაძის თქმით, რწმუნებულების დახმარებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამოკითხვა ჩაატარა, რის მიხედვითაც ახალგაზრდობის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე ამ ბენდის მოწვევა გადაწყდა.

"რამდენიმე ბენდის, მომღერლების სია მივეცით და ჩავატარეთ კვლევა, რომ ახალგაზრდებს რომელი მოეწონებოდათ. 83-მა პროცენტმა ამ ბენდს დაუჭირა მხარი. შემდეგ გავაგზავნეთ წერილი შესყიდვებში, თუ როგორ შეგვეძლო, გამარტივებულით თუ ტენდერით შეგვეძლო. შესყიდვებმა დაგვიდასტურეს, რომ მათ აქვთ ექსკლუზივი. ამიტომ შეგვეძლო ჩვენ ნებისმიერ წუთში გაგვეფორმებინა გამარტივებული ხელშეკრულება. აქ კანონის დარღვევა არ არის. ვინც ცოტა ახლოს არის კანონთან, ამაზე კითხვები არ უნდა დაებადოს", - განმარტავს გოჩა ქიმაძე.

"ფლანგვის დეტექტორის" კვლევის მიხედვით, “ღამის შოუს ბენდი” "ქართული ოცნების" შეკრებებსა და კონცერტებზე ხშირად ჩნდება. ამავე დროს, ბენდთან საჯარო ორგანოების მიერ გაფორმებულ რამდენიმე ხელშეკრულებაში მიმწოდებელ მხარედ ფიგურირებს ზვიად ბლიაძე, რომელიც ტელეკომპანია "პოსტ ტვ"-ის 16%-იან წილს ფლობს.

"პროსახელსიუფლებლო მედიებთან და მმართველ პარტიასთან მჭიდრო კავშირების ფონზე, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ექსკლუზიურად ამ ბენდთთან გაფორმებული ათიათასაობით ლარის ხელშეკრულების უკან, სწორედ მათი ხელისუფლებისადმი ლოიალობა დგას, რაც ცხადია, დადასტურების შემთხვევაში, კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავს", - ვკითხულობთ "ფლანგვების დეტექტორის" კვლევაში.
| Print |