საზოგადოება
ახალციხის შემოგარენში ურბანული ტყის გაშენება იგეგმება
ქალაქ ახალციხის შემოგარენში ურბანული ტის გაშენება იგეგმება. საკითხი სამხარეო ადმინისტრაციაში თბილისიდან მოწვეულ სპეციალისტებთან განიხილეს. შეხვედრას რეგიონის, მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურისა და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები, უნივერსიტეტების პროფესორები და ფონდ "განვითარება და გარემო"-ს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ფონდი ქალაქს 100 000 სხვადასხვა სახეობის ნერგს გადასცემს.

სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა ურბანული ტყის გაშენების პერსპექტივასთან ერთად, მუნიციპალიტეტში სანერგე მეურნეობის აღდგენის საკითხიც განიხილეს.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტყის განაშენიანების პროცესი 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყება. მანამდე დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც კონკრეტულ ლოკაციებს შეარჩევს და მოამზადებს. შერჩეულ ადგილებზე სხვადასხვა სახეობის ნარგავები გაშენდება, მათ შორის უპირატესობა მიენიჭება ენდემურ ჯიშებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ღონისძიების მასშტაბურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაერთოს მუნიციპალიტეტში მოქმედი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი, საზოგადოების ფართო ფენები, სტუდენტები და ახალგაზრდები.

ფონდ "განვითარება და გარემო"-ს მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის ნერგების გადაცემის შესახებ ინიციატივა, შალვა ახალციხელის ხსენების დღეს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გაჟღერდა.
| Print |