საზოგადოება
82 წლის აფრი აფრიამაშვილმა არლის მთაში დასასვენებელი ადგილი მოაწყო
გოდერძის უღელტეხილზე, ბეშუმთან ახლოს, არლის მთაში არსებობს ერთი ადგილი, რომელსაც სოფელ არლის მკვიდრი სათუთად უვლის. მაშინ როდესაც ადიგენის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები მთის საძოვრებზე შინაურ პირუტყვს გაირეკავენ, 82 წლის აფრი აფრიამაშვილი საკუთარი ხელით მოწყობილ დასასვენებელ ადგილს მიაშურებს.წყაროსთან, რომლის სიახლოვესაც პაწაწინა ტბაა წარმოქმნილი, აფრი აფრიამაშვილმა ხის მასალით სკამები მოაწყო. მაგიდის დანიშნულებით უზარმაზარი ლოდია გამოყენებული. იმისთვის, რომ უამინდობის დროს ადამიანმა თავი შეაფაროს, 82 წლის აფრიმ ადგილი გადახურა. გარშემო წიწვოვანი ხის ნერგები დარგო და შინაური პირუტყვისგან დასაცავად ტერიტორია შემოღობა.სამ მეასედამდე ტერიტორიაზე დარგულ ხეებს წარსულში დამსახურებული პედაგოგი საკუთარი ხელით უვლის. ადგილს ჯერ სახელი არ აქვს, მაგრამ უკვე მოფიქრებული აქვს რამდენიმე, საიდანაც ერთ-ერთს შეარჩევს. სამაგიეროდ ტერიტორიაზე შესვლამდე აბრაა განთავსებული, სადაც ტექსტის ავტორი ადგილის გაფრთხილებისკენ მოგვიწოდებს

როცა მთაში ცხოვრებისთვის განსაზღვრული დრო ამოიწურება, აფრი აფრიამაშვილი ძველი რკინის საწოლის თავისგან გაკეთებულ კარს გამოიხურავს და საგულდაგულოდ გადარაზავს. ნერგების პატრონობას დაცარიელებულ მთას მიანდობს და საზაფხულო იალაღებს მოხუცი თანასოფლელებთან ერთად, მომავალ ზაფხულამდე დატოვებს.

ფოტო და ვიდეო მასალა მოგვაწოდა ეკა ჩადუნელმა.
| Print |