საზოგადოება
"მოგზაურ ხალხს გაუზიარეთ, ამ გზით არ წამოვიდნენ" - გოდერძის უღელტეხილზე გზა დაზიანდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის გაფრთხილების მიუხედავად, გოდერძის უღელტეხილისკენ მოსახლეობა მაინც გადაადგილდება, გზის პრობლემის გამო კი უკან დაბუნება უწევთ. ახალციხელი ივერი ბალახაშვილი სოციალურ ქსელში გზაზე არსებული მდგომარეობის ამსახველ ფოტო-ვიდეომასალას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს ამ მარშრუტით არ ისარგებლონ. მისი თქმით, ტერიტორიაზე არავინ არის, ვინც შეძლებს მოსახლეობის ინფორმირება წინასწარ მოახდინოს. ივერი ბალახაშვილი ამბობს, რომ ავტომობილების კოლონა დამეწყრილი გზის ორივე მხარეს დგას.

"გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალი გზა დაიმეწყრა და შესაბამისად ჩაიხერგა მინიმუმ ორი დღით (აშკარად მეტი დასჭირდებათ)

ცუდად დაგეგმილი სამუშაოების გამო, დაბლა გამოაცალეს მიწის ამ ნაწილს საყრდენი, ერთი თვის წინ მიცემული რჩევა არ გაითვალისწინეს...

მოგზაურ ხალხს გაუზიარეთ, ამ გზით რომ არ წამოვიდნენ",
- წერს ივერი ბალახაშვილი. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ მონაკვეთზე შესაძლო საშიშროების შესახებ 16 აგვისტოს საღამოს განცხადება ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. უწყებაში განმარტავენ, რომ გზის აღდგენას 1-2 დღე დასჭირდება.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, არის მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
| Print |