საზოგადოება
ბორჯომის ტყიდან წამოსულმა კვამლმა ახალციხემდეც მოაღწია
ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის კვამლი ახალციხის მუნიციპალიტეტამდე აღწევს. დაკვამლიანება ურავლის ხეობაში იმდენად შესამჩნევია, რომ კვამლის გამო მიმდებარე დასახლებები აღარ ჩანს.

დაკვამლიანება შესამჩნევია ქალაქ ახალციხეშიც. შორი ხედით გადაღებულ კადრებში კვამლში გახვეული ქალაქი კარგად ჩანს.

ჯაბა ნათენაძის ვიდეო.

კვამლის გარდა ახალციხეში შეინიშნება ფერფლიც. ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მათი სახლის აივნები ბორჯომის ტყიდან წამოსული ფერფლითაა დაფარული.

"ეს ჩემი აივანია ახალციხეში... ბორჯომის გადამწვარი ტყიდან წამოსული ჭვარტლით სავსე...
ლოცვებთან ერთად ელიასაც რომ მოვუხმოთ მითოლოგიიდან ის დროა... სხვა იმედი ნოლი",
- წერს ქეთი ხმალაძე და ფეისბუქგვერდზე ფოტოებს აქვეყნებს.ხანძრის ადგილიდან ყველაზე ახლოს ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფელი აწყურია. შესაბამისად, დაკვამლიანება აქ უფრო თვალნათლივ ჩანს. დღეს სოფელში ძლიერი კვამლი ყველაზე მეტად შეიმჩნეოდა.

ია სუდაძის ვიდეო

უკვე მეხუთე დღეა ბორჯომში ტყე იწვის. ხანძარი თავდაპირველად სოფელ ზორეთის მიდებარედ გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზების მიუხედავად მეხანძრე-მაშველებმა მისი ლიკვიდირება ვერ მოახერხეს. მესამე დღეს ახალი კერები გაჩნდა და ცეცხლი სოფელ დგვარის მიმდებარე ტყესაც მოედო.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულები არიან სამხედროებისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, მეხანძრე - მაშველები, ვერტმფრენები, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი.
| Print |