საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ბორჯომში დღესაც ჩავიდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბორჯომში დღესაც ჩავიდა და ცეცხლის ქრობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტო ავრცელებს.

სამხედროები ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მეორე დღეა აქტიურად არიან ჩართული.

„ამჟამად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა და აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა ახორციელებს. სამხედროები სპეციალური ტექნიკის - მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანების საშუალებით ხანძრის დროულ ლოკალიზებას ცდილობენ",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

22 აგვისტოს მინისტრმა განაცხადა, რომ პირველ დღეს ცეცხლის ქრობის პროცესში 150 სამხედრო ჩაერთო და შედეგი დადგა კიდეც. თუმცა დღეს ბორჯომის ტყეში ხანძრის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა. ცეცხლმა მოაღწია სოფელ აწყურამდეც.
| Print |