საზოგადოება
სტიქიის ზონაში, სახანძრო მაგისტრალები გაიშალა და წყალსაქაჩი ტუმბოები დამონტაჟდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. დამონტაჟდა დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებს.

სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

ხორციელდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე.

მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, არც ერთი მეხანძრე-მაშველი და ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა
“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |