საზოგადოება
ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია - შსს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია, გრძელდება ხანძრის გავრცელების ტერიტორიის მონიტორინგი - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. 

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ოპერატიული მართვის შტაბს ხელმძღვანელობს, მღებრიშვილთან ერთად სამუშაო თათბირი გამართა.

მინისტრის მოადგილემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ხანძრის გავრცელების არეალზე მიმდინარე სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს და ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს.

"ბოლო მონაცემებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის გავრცელების სამივე სექტორზე ლიკვიდირებულია ცეცხლის კერების 90%, ხოლო დანარჩენ 10%-ზე მიმდინარეობს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ამასთანავე, გრძელდება სექტორების მონიტორინგი", - აცხადებენ უწყებაში.

მერვე დღეა ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. მობილიზებულია სხვადასხვა უწყების თანამშრომლები და ყველა ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.
| Print |