საზოგადოება
რომ გაიგო რისთვის გვინდოდა, მამაომ თანხა თავად გადაიხადა - თემო სანდროშვილი
ახალციხელი მოხალისეები ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობაში მონაწილე პირებისთვის მხარდაჭერას აგრძელებენ. როგორც ერთ-ერთი მოხალისე, თემო სანდროშვილი წერს, ანგარიშზე, რომელიც ერთი საერთო მიზნისთვის შეიქმნა, "საკმაოდ კარგი თანხა" ჩაირიცხა. შეგროვებული თანხით მეხანძრე-მაშველებისთვის და ხანძართან მებრძოლი სხვა უწყების წარმომადგენლებისთვის პროდუქტები შეიძინეს.

"მოხდა ასეთი რამ, ბაზარში კიტრი-პომიდვრის ყიდვის დროს, იქ მყოფმა მამაომ (როგორც გავარკვიე ზარზმის მონასტრის წინამძღვარი მამა ნიკოლოზი), როგორც კი გაიგო რისთვის გვინდოდა, მაშინვე დაგვლოცა და თანხა არ გადაგვახდევინა. გადაიხადა თავად", წერს თემო სანდროშვილი.

მისივე თქმით, მოხალისეების მიერ წამოწყებულ საქველმოქმედო საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივ ლაშა ნარიმანიშვილს, რესტორან "ალავერდის" წარმომადგენლებს და სხვა პირებს.

"მადლობა ყველას, ვინც თუნდაც 1 ლარი ჩარიცხეთ. ძალიან ბევრ ადამიანს მადლობა, ვინც ერთი სიტყვით მაინც გაგვამხნევეთ და მეტი სტიმული მოგვეცით! მაგრამ განსაკუთრებული მადლობა იმ ბიჭებს, ვინც ამ წუთებშიც ცეცხლს ებრძვის. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე: გმირები ხართ!" - წერს სანდროშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე. 

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილე პირებისთვის მხარდასაჭერად კამპანია მიმდინარეობს. მოხალისეებმა მათ სასმელი წყალი და საკვები პროდუქტი გუშინაც მიაწოდეს.
| Print |