საზოგადოება
ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია, თუმცა არსებობს აქტიური კერებიც - შსს

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა. მათივე თქმით, სირთულეს წარმოადგენს რელიეფი, თუცა რთულად მისადგომ კერებზე ავიაცია მუშაობს.

ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში, კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ასევე, დილიდან განაახლეს მუშაობა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეცხრე დღეა, რაც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყე იწვის. ცეცხლმა მოაღწია ახალციხის სოფლებამდეც.
| Print |