საზოგადოება
მაღრაძეები - ერთიანი ქართული ლაშქრის მოწინავე მეომრები
მაღრაძეთა მრავალრიცხოვანი გვარი ძველთაგან მესხეთიდან მოდის. მაღრა, მაღრანა კაცის ქართული წარმართული საკუთარი სახელია.

XV საუკუნეში სამცხიდან შიდა ქართლში გადმოსულ ფანასკერტელ-ციციშვილებს მესხი აზნაურნიც გადმოჰყვნენ. იმ დროს დამკვიდრებულან ქართლში საციციანოს აზნაური მაღრაძენიც.

1486-1488 წლებში ქართლის მეფემ დავით X-მ ივანე მაღრაძეს სასისხლო სიგელი უბოძა. სიგელში დავითი მეფედ წერია, სინამდვილეში კი იმხანად ქართლში კონსტანტინე II მეფობდა, ხოლო მისი ძე დავითი ბატონიშვილი იყო.

საისტორიო საბუთების მიხედვით, აზნაურ მაღრაძეებს შიდა ქართლში ყმა-მამული ეკუთვნოდათ: ყრისის ხევში, ჭომაში, ღართაში, მიწობში, ღუდაში, გარიზმანში, ყარცისში, თაგუეთში და სხვაგან. საბუთებში მრავლად ჩანან გლეხი მაღრაძენიც.

XVIII საუკუნის II ნახევრიდან საციციანოს აზნაურ მაღრაძეთა ნაწილი სახასო აზნაურები გახდნენ. 1798 წლიდან დარეჯან დედოფლის გაზრდილი აზნაური ბეჟან მაღრაძე კახეთში სახლდება და ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიის მსახური ხდება.

XVI-XVII საუკუნეებში სამცხეში ოსმალთა მოძალების გამო, მესხი მაღრაძეები საქართველოში გაიფანტნენ.

1850 წლის საქართველოს თავადთა და აზნაურთა ოჯახების სიაში (ხავერდოვან წიგნში) აზნაურ მაღრაძეთა მხოლოდ სამი ოჯახი იხსენიება.

საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის მაღრაძეთა გვარის მეომრები ერთიანი ქართული ლაშქრის მოწინავე სადროშოში გამოდიოდნენ.

ამჟამად მაღრაძენი ცხოვრობენ: სამცხე-ჯავახეთში, ქართლში, გარე კახეთში, იმერეთსა და გურიაში. განსაკუთრებით მრავლად არიან ხარაგაულის, ბორჯომის, ასპინძისა და ბოლნისის მუნიცპალიტეტებში.

საქართველოში მაღრაძეთა საერთო რიცხვი 3600-ს აჭარბებს.


წყარო: karibche.ambebi.ge
http://karibche.ambebi.gehttp://karibche.ambebi.ge
| Print |