საზოგადოება
ხანძრის მე-11 დღეს, სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ, ორი ახალი კერა გაჩნდა
ხანძრის მე-11 დღეს სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ ორი ახალი კერა გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა მდინარიდან წყლის მილები გაიყვანეს და ცეცხლის იქამდე ჩაქრობას შეეცადნენ, ვიდრე დიდ მასშტაბზე გავრცელდებოდა. ხანძარი მეცხრე საუკუნის, კვირიკეწმინდას ეკლესიიდან დაახლოებით 50 მეტრში იყო.

ბორჯომის ხეობაში ზოგადი სურათი ასეთია: დაკვამლიანებამ იკლო, ცეცხლის ძირითადი ნაწილი ჩამქვრალია, ხდება მცირე კერებზე მუშაობა. ტყის მასივის გარდა, დაიწვა ადგილობრივების სათიბები, საძოვრები, თუმცა დასახლებულ პუნქტებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს.

ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჯერ კიდევ ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ძალები, რეინჯერები. ადგილობრივი მოსახლეობა. სულ ხეობაში 1 200-მდე პირია მობილიზებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ. რომ ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ამ დროისთვის მუშავდება ცეცხლის რამდენიმე აქტიური და მხრჩოლავი კერა. მძიმე ტექნიკის დახმარებით, გრძელდება დარჩენილ კერებთან გზების მიყვანის პროცესი. რჩება ადგილები, სადაც რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება ლოკალიზება. დილიდან მუშაობდა ავიაციაც. 

რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა და ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა 150 ჰექტარ დამწვარ ტყეზე - შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ხანძრის შედეგად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
| Print |