საზოგადოება
რა დაგიჯდებათ მართვის მოწმობის აღება?
როგორც უკვე ცნობილია, 25 აპრილიდან კანდიდატებს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ სივრცეშიც უწევთ. ნორმატიული აქტი, რომლის მიხედვითაც, მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო გახდა, პირველ ეტაპზე “B” და “BE” ეკატეგორიის ავტომობილებს ეხება, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეგულაცია სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად.

გამოცდაზე რეგისტრაციის ჯამური თანხა 130 ლარია, საიდანაც 40 ლარი - თეორიის და დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების ღირებულებაა, 90 ლარი კი - რეალურ სივრცეში გამოცდის ჩაბარების.

ახალციხის ავტო სკოლებში ორ კვირიანი თეორიული კურსის გავლა 80 ლარიდან იწყება. დახურულ მოედანზე ერთი პრაქტიკული გაკვეთილის ფასი 30- დან 40 ლარამდეა, ქალაქში კი - 35 -დან 40 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გამოცდაზე რეგისტრაციის გარდა, მართვის მოწმობის აღების მსურველებს მეტის გადახდა მოუწევთ ავტოსკოლებისთვისაც, რადგან თუკი დღემდე დახურულ მოედანზე 5-6 პრაქტიკული გაკვეთილის გავლა იყო საჭირო, ამას უკვე ქალაქში საშუალოდ 10-მდე სავალდებულო გაკვეთილიც დაემატება; შედეგად დღეს არსებული 300 ლარის ხარჯი, დაახლოებით, 700-800 ლარამდეც შეიძლება გაიზარდოს.

გამოცდის გართულებასთან ერთად შემცირდა მართვის მოწმობის მიმღებ პირთა რიცხვიც. საბოლოოდ, მართვის მოწმობის ჯამური ღირებულება კანდიდატის უნარებზე და თეორიული თუ პრაქტიკული გაკვეთილების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
| Print |