საზოგადოება
ბერიძეები - მესხური გადმოცემით, ერთი ბერისგან მოშენებული მრავალრიცხოვანი გვარი
ბერიძე მთელ საქართველოში გავრცელებული გვარია. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი ბერი (ზოგადი მნიშვნელობით: ვაჟი, ძე, ყმა). მისგან მიღებულია მრავალი საკუთარი სახელი, რომლებიც შესულია გვარ-სახელებში: ბერაძე, ბერეკაშვილი, ბერაია, ბერიანიძე და სხვა.

მესხეთში არსებული გადმოცემით სოფელ ერკოტის უმრავლესობა გვარად ბერიძეები ყოფილან, რომლებიც ერთი ბერისაგან მოშენებულან. ჟამიანობის დროს ზარზმელი ბერებისათვის უბრძანებიათ, რომ თქვენი ბერმსახურება აღარ შეიძლება, უნდა გამრავლდეთო. ბერები სამი ძმები ყოფილა. ერთი ძმა მესხეთში დარჩენილა, მეორე აჭარაში წასულა და მესამე - გურიაში, გვარად კი დაწერილან ბერიძეები. ბერიძის გვარს სხვადასხვა დროს გამოჰყოფიან კახაბერიძეები და გულაბერიძეები.

ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, ეს სიტყვა ძველად ზოგად ქართულში ყოფილა. ბერიძე საკუთარი სახელია ფშავში: ბერიძე ბასიტაშვილი, ბერიძე შიოშვილი, ბერიძე ავგაროზიშვლი.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხისში მცხოვრებ დღევანდელ ბერიძეთა ვარაუდით, აქ ასპინძიდან გადმოსულან. თავდაპირველად, 1873 წლის აღწერით ბერიძესშვილებად იწერებოდნენ, ხოლო 1886 წელს აღწერაში ბერიძეებად მოიხსენებიან. აქ მცხოვრები ბერიძეები ყოფილან ორ შტოდ დაყოფილი: საკუთრივ ბერიძიანები და ადოლაანებად (ადოლაშვილები).

ვახუშტი ბაგრატიონი ბერიძეთა გვარს ადრინდელ მთავრებში მოიხსენიებს და მათ გურულ თავადებად ასახელებს.XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ბერიძეების თავადური გვარის დამცრობა მოხდა. მათ დაკარგეს თანამდებობები და აზნაურები გახდენენ.

1411 წლის დოკუმენტებში ბერიძეები ქართლში, ციციშვილების აზნაურებად მოიხსენიებიან.

ამ გვარის წარმომადგენლები იმერეთში იხსენიებიან, როგორც წერეთლის აზნაურები და სვერის ციხის მეციხოვნეები, სათავადო აზნაურებად ჩანან ბერიძეები აგრეთვე ლეჩხუმსა და სამეგრელოში. არსებობს სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის მიერ 1824 წელს გაცემული მოწმობა, რის თანახმადაც ხონის მკვიდრმა ბერიძეებმა დაიბრუნეს აზნაურობა და ძველი გვარიც. ისინი იხსენიებიან ქუთაისის გუბერნიის აზნაურების სიაშიც.

ამჟამად ბერიძეთა ყველაზე დიდი რაოდენობა აჭარაში ცხოვრობს, მაგრამ მათი გენეალოგია შეუსწავლელია, ვინაიდან ოსმალეთის იმპერიის ბატონობის დროს წერილობითი დოკუმენტები განადგურდა. ზეპირი გადმოცემებით ბერიძეებს (განსაკუთრებით ქვემო აჭარის ბერიძეებს) იხსენიებდნენ ბეგებად და აღებად, რაც ქართული თავადის და აზნაურის ანალოგი იყო. აჭარაში ბერიძეების არსებობას დიმიტრი ბაქრაძის მიერ აღმოჩენილი საბუთები ადასტურებს. მისი მტკიცებით, ეს საბუთი აჭარაში მაჰმადიანობის გავრცელებამდე, სავარაუდოდ XV საუკუნის მეორე ნახევარშია შედგენილი.

დღეისათვის ბერიძეთა გვარი საქართველოში ერთ-ერთი მრავალრიცხოვანია. ქვეყანაში 14 800-ზე მეტი ბერიძე ირიცხება. 

წყარო: ვიკიპედია
| Print |