საზოგადოება
აგვისტოში რუსეთიდან 260 810 პირი, ევროკავშირის ქვეყნებიდან 46 790 მოქალაქე შემოვიდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, საქართველოში უცხოეთის 844 262 მოქალაქე შემოვიდა. 

ქვეყნების პირველ ექვსეულს რუსეთი, სომხეთი, თურქეთი, საუდის არაბეთი, ისრაელი და ბელარუსი იკავებს. კერძოდ, 2022 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა 260 810 პირი, მაშინ, როდესაც 2021 წლის აგვისტოში ქვეყანაში რუსეთის 45 355 მოქალაქის ვიზიტი განხორციელდა. შსს-ს მონაცემებით, პროცენტული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 475%-ით არის გაზრდილი.

  • რუსეთის შემდეგ, ქვეყანაში ყველაზე მეტი მოქალაქე, 2022 წლის აგვისტოში, სომხეთიდან შემოვიდა კერძოდ, 178 483 პირი (2021 წლის აგვისტოში - 28 745; ზრდა 521%-ია);
  • 2022 წლის აგვისტოში საქართველოში თურქეთის 116 882 მოქალაქის ვიზიტი განხორციელდა (2021 წლის აგვისტოში - 38 654, ზრდა 202%);
  • საუდის არაბეთიდან ამავე პერიოდში 43 562 პირი შემოვიდა (2021 წლის აგვისტოში - 15 154, ზრდა 187%);
  • ისრაელიდან შემოსულია 29 546 მოქალაქე, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6901%-ით მეტია (2021 წლის აგვისტოში საქართველოში ისრაელიდან 422 პირი შემოვიდა).
  • 88%-იანი მატებაა დაფიქსირებული საქართველოში ბელარუსიდან შემოსული ვიზიტორების მონაცემებში. კერძოდ, შსს-ს მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში დაფიქსირდა ბელარუსის 28 885 მოქალაქის შემოსვლა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 88%-ით მეტია (2021 წლის აგვისტოში ბელარუსიდან საქართველოში 15 332 ვიზიტია დაფიქსირებული).
უწყების ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, ევროკავშირის ქვეყნებიდან 46 790 მოქალაქის შემოსვლა ფიქსირდება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56%-ით არის გაზრდილი (2021 წლის აგვისტოში 29 942 ვიზიტი ფიქსირდება).

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში ქვეყნის საზღვარი საქართველოს 266 037-მა მოქალაქემ გადაკვეთა, ხოლო ქვეყანაში საქართველოს 266 045 მოქალაქე შემოვიდა. 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლები კი ასეთია: შემოსვლა 82 923, ხოლო გასვლა 78 884.
| Print |