საზოგადოება
ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
ირანის ხელისუფლებასა და ქურთების უფლებადამცველ ჯგუფში აცხადებენ, რომ ირანში პოლიციის მიერ დაკავებული ქალის დაღუპვის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ირანული მედია და ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ოთხი ადამიანი დაიღუპა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა რვამდე გაიზარდა, მათ შორის არიან პოლიციისა და მთავრობის მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირების წევრები.

საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. გოგონა ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის „არასათანადო ტარების“ გამო დააკავა, ის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ამასთან, პოლიციაში აცხადებენ, რომ გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა, მისი ოჯახი კი ამტკიცებს, რომ მას ჯანმრთელობის, კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები არ ჰქონია. ამინის ახლობლები ასევე აღნიშნავენ, რომ ცხედრის ნახვის ნებართვა ვერ მიიღეს.
| Print |