საზოგადოება
რა წყაროებით ფინანსდება სამოქალაქო სექტორი - ახალი კანონპროექტი პარლამენტში
ქართული ოცნება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მკაცრ რეგულაციებში მოაქცევს და სპეციალური კანონს მოამზადებს - ამის შესახებ ხელისუფლებიდან განდგომილმა ,,ხალხის ძალამ" ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. მთავარი აქცენტია - რა წყაროებით ფინანსდება სამოქალაქო სექტორი.

"ხალხის ძალაც" და ირაკლი კობახიძეც ამტკიცებდნენ, რომ თუ ამერიკა ვინმეს ეხმარება, ეს ენჯეოები და საკუთარი აგენტებია. კანონპროექტს ოცნებისგან განდგომილი ,,ხალხის ძალა" ამზადებს და საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში წარუდგენს. ინიციატორის დეპუტატების თქმით, უცხო ქვეყნიდან ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციების დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს.

ამასთან დაკავშირებით, მეცხრე არხმა კომენტარი საზოგადებრივ ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირს" სთხოვა. გიორგი ანდღულაძის აზრით, ინიციატივა მხოლოდ არასამთავრობო სექტორის მიმართ უარყოფითი აზრის შექმნას ემსახურება.

,,ნეგატიური აზრის შექმნას ემსახურება, სხვა მიზანი რა შეიძლება ჰქონდეს? ფინანსებსა და დონორებს რომელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია მალავს, ყველას საკუთარ ვებ-გვერდზე აქვს გამოქვეყნებული დონორიც და დაფინანსების რაოდენობაც. ეგ ყველაზე კარგად სოზარმა (სუბარი) იცის" - აღნიშნავს ,,დემოკრატ მესხთა კავშირის დირექტორი გიორგი ანდღულაძე.

ოპონენტების თქმით, არასამთავრობო სექტორის შეზღუდვა ან განადგურება, წლების წინ რუსეთში კრემლის რეჟიმმა უკვე გააკეთა.
| Print |